დალაი ლამა

დალაი ლამა Covid-19-ზე აიცრა

დალაი-ლამა
  EPA

ტიბეტის სულიერი ლიდერი დალაი ლამა Covid-19-ზე აიცრა. დალაი ლამა ინდოეთის ქალაქ დჰარამსალაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.

"ეს ძალიან, ძალიან სასარგებლო და კარგია". – აღნიშნა მან.

ტიბეტური ბუდიზმის სულიერმა ლიდერმა მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა. დალაი ლამამ აღნიშნა, რომ აცრა "სერიოზული პრობლემების" თავიდან ასარიდებლად არის საჭირო.

ინდოეთში ვაქცინაციის პროგრამა 16 იანვარს დაიწყო. თუმცა ის ხელმისაწვდომი მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის და აუცილებელი პერსონალისთვის იყო.

პირველი მარტიდან პროგრამა გაფართოვდა და მასში 60 წელს გადაცილებულები და თანხმლები დაავადების მქონე 49-59 წლის ადამიანებიც ჩაერთნენ.

ინდოეთის ხელისუფლების მიზანია, ივლისის ბოლომდე 300 მილიონამდე "პრიორიტეტული ადამიანები" აცრას. ქვეყნის მედიკამენტების რეგულატორმა სააგენტომ ორი ვაქცინა დაამტკიცა. AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივად შემუშავებული ვაქცინა (Covishield) და ინდური ფირმის Bhart Bitech-ის ვაქცინა (Covaxin).

ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აიცრა.

პანდემიის დაწყების შემდეგ ინდოეთში კორონავირუსის 11 მილიონ შემთხვევაზე მეტი აღირიცხა. გარდაიცვალა 157 791 ადამიანი.

კომენტარები