ჩანაწერები

ლომჯარია: არცერთ ფარულ ჩანაწერზე არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება საკითხს ფარული ჩანაწერების შესახებ. ლომჯარია წერს, რომ წლებია, არცერთ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება. მისივე ცნობით, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების შემდეგ შეიძლება შეფასდეს, შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

"წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონოდ მოპოვება თუ ფაბრიკაცია. მრავალი წელია, საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს – შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს". – წერს ლომჯარია.

5 მარტს TV პირველის ეთერში გავიდა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის ანონსი, სადაც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერია. 

ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის თქმით, ეს დანაშაულია და სასამართლოს სიუჟეტის ეთერში გასვლის აკრძალვა შეუძლია. მისივე თქმით, კარგი იქნება, ფაქტზე სახალხო დამცველმა გამოთქვას თავისი პოზიცია.

კომენტარები