ჩანაწერები

ბოკერია: უტიფრობა და ფარისევლობაა, რომ ხელისუფლება აღშფოთებულია ფარული ჩანაწერებით

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც უკანონო ჩანაწერების მოპოვება დანაშაულია და სასამართლოს სიუჟეტის ეთერში გასვლის აკრძალვა შეუძლია. 

ბოკერიას თქმით, უტიფრობა და ფარისევლობაა ხელისუფლების აღშფოთება და ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალების გამოქვეყნების აკრძალვა სრულიად დაუშვებელია.

"პირადად მე და ევროპულ საქართველოს გვაქვს იგივე ოპოზიცია. ძალიან საზიანოდ მიგვაჩნია ზოგადად იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების რეაქცია ამ ჩანაწერებზე, სუბარის განცხადება, სრულიად უტიფარი განცხადება. ის მოითხოვს, ან მოელის ამის დაგმობას სახალხო დამცველის თუ სხვებისგან. უფრო მეტიც, ამბობს, სასამართლოს აქვს ამის გამოქვეყნების აკრძალვის უფლებაო .

ჩვენი კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ, კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები ძალიან მკაფიოს ხდის, რომ ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალების გამო მისი გამოქვეყნების აკრძალვა არის სრულიად დაუშვებელი და არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. არანაირი საფუძველი არ არსებობის ამის". – თქვა ბოკერიამ. 

გიგა ბოკერიას თქმით, ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური კარიერა ფარული ჩანაწერების გზით ააწყო. სოზარ სუბარის ამგვარ განცხადებას ბოკერია მუქარას უწოდებს. 

"ამაზე უფრო მთავარიც კი არის იმ პოლიტიკური გუნდის უტიფრობა, ივანიშვილის და მისი გარემოცვის, რომელმაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა ააწყო და არცერთი პოლიტიკური ციკლი არ გამოუტოვებია, [გამოეყენებინა] ფარული აუდიოჩანაწერები. საერთოდ აუდიოჩანაწერები კი არა, ვითომ უკრაინის ვებგვერდებზე თუ სოციალურ ქსელებში განთავსებული არა აუდიო, არამედ ისეთი ჩანაწრები გამოეყენებინა პოლიტიკური კამპანიისთვის, სისხლის სამართლის გამოძიებებს რომ იწყებდნენ ამისთვის, ბრალი აქვთ წაყენებული ხალხისთვის. ცნობილი გამოთქმაა, რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ზოგჯერ რასაც დათესავ, იმაზე უარესს მოიმკი. ეს სწორედ ის შემთხვევაა. 

მთავრობა, რომელმაც ააწყო თავისი კარიერა და ბიოგრაფია ფარულ ჩანაწერებზე და არა აუდიოზე, უბრალო უკრაინულ ვებგვერდებზე და ამას უძღვნიდნენ სისხლის სამართლის საქმეებს მთელი ამ წლების განმავლობაში, ახლა რომ აღშფოთებულები არიან, ამას ჰქვია ფარისევლობა და უტიფრობა. სუბარის რეაქცია არის ფარისევლობა და უტიფრობა. რა თქმა უნდა, მუქარა იყო [TV პირველის მიმართ]". – თქვა გიგა ბოკერიამ.

5 მარტს TV პირველის ეთერში გავიდა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის ანონსი, სადაც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერია. 

სოზარ სუბარის თქმით, ეს დანაშაულია და სასამართლოს სიუჟეტის ეთერში გასვლის აკრძალვა შეუძლია. მისივე თქმით, კარგი იქნება, ფაქტზე სახალხო დამცველმა გამოთქვას თავისი პოზიცია.

კომენტარები