Covid-ვაქცინაცია

ხარვეზები ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

"გეგმაში არაა შეფასებული კორუფციული რისკები და არაა გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერი  ქმედებების საწინააღმდეგო ღონისძიებები". – წერს  საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო  საქართველოს ვაქცინაციის გეგმის შესახებ.

საერთაშორისო გამჭირვალობა გამოყოფს პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებს.  

საერთაშორისო გამჭირვალობა პოზიტიურად  აფასებს იმას, რომ ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში  დიდი ყურადღება ეთმობა იმუნიზაციის პროცედურასთან დაკავშირებული დეტალებს. 

"პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში დეტალურად არის გაწერილი  ყველა ის ეტაპი, პროცედურა და პასუხისმგებელი პირი/დაწესებულება, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ვაქცინაცია. დოკუმენტში დიდი ყურადღება ეთმობა იმუნიზაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის სწორად და შეცდომების გარეშე ჩატარების უზრუნველყოფას, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს."

მეორეს მხრივ, უარყოფითად აფასებს  იმ ფაქტს, რომ გეგმაში არ არის სათანადოდ გათვალისწინებული იმუნიზაციის პროცესში ჩართული მრავალი ადამიანისა თუ დაწესებულების მიერ მათთვის დელეგირებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების პრევენცია, აღმოჩენა და მათზე რეაგირება.

საერთაშორისო გამჭირვალობის მიხედვით, ამ ფაქტორის გათვალისწინება მნიშვნელოვანია სამი მიზეზის გამო:

  1. მოთხოვნადი და ძნელად ხელმისაწვდომი პროდუქტის არსებობა – საქმე გვაქვს მოთხოვნად პროდუქტთან - Covid 19-ის ვაქცინასთან, რომლის მოსაპოვებლად ადამიანთა ნაწილმა შესაძლოა წესების დარღვევის გზას მიმართოს;
  2. უფლებამოსილების განაწილება მრავალ ადამიანზე / დაწესებულებაზე – იმუნიზაციის პროცესის მასშტაბიდან გამომდინარე აუცილებელია უფლებამოსილების განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალ ადამიანსა და დაწესებულებაზე. უფლებამოსილ პირთა რაოდენობის ასეთი ზრდა შესაბამისი საპრევენციო ზომების გარეშე ზრდის კორუფციული დარღვევების რისკს.
  3. იმუნიზაციის სისტემაში დამატებით გარე პირთა ჩართვა – როგორც გეგმაშია აღნიშნული, დასახული მიზნის მისაღწევად საჭიროა იმუნიზაციის სისტემის არსებული შესაძლებლობის (აცრების რაოდენობა) თითქმის გაოთხმაგება. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესში საჭირო იქნება დამატებით ისეთი ადამიანების ჩართვა, რომლებისთვისაც ახალი იქნება იმუნიზაციის ანდა სამედიცინო სფერო, რამაც შესაძლოა გაზარდოს არაკეთილსინდისიერად მოქცევის რისკი.

საერთაშორისო გამჭირვალობის მიხედვით, მართალია ეროვნული ვაქცინაციის გეგმა  ითვალისწინებს სამ ფაქტორს: ჩართული ადამიანებისთვის მასშტაბურ ტრენინგებს, ამცრელებისთვის სატელეფონო ცხელი ხაზის არსებობას, მონიტორინგისა და ზედამხედველობის სისტემას, თუმცა არცერთი მათგანი არ  ითვალისწინებს  ცალკე დარღვევების ან არაკეთილსინდისიერი ქმედებების შეტყობინება / მხილების მექანიზმებს.

ამასთან ერთად, საერთაშორისო გამჭირვალობა ავრცელებს რეკომენდაციებს იმუნიზაციის პროცესში კორუფციის რისკების შესამცირებლად:

  • ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმას დაემატოს კეთილსინდისიერების კომპონენტი / თავი, რომელიც დაეფუძნება კორუფციული რისკების შეფასებას და რომელშიც გაწერილი იქნება როგორც ამ რისკების შემცირების ზომები, ისე დარღვევების დადგენის შემთხვევაში გამოსაყენებელი შესაბამისი სიმკაცრის სანქციები.
  • დაინერგოს იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული დარღვევების მხილების და ასეთ დარღვევებზე რეაგირების მექანიზმი. დარღვევების მხილება შესაძლებელი უნდა იყოს ამცრელებისთვის მოქმედი ცხელი ხაზის საშუალებით, სადაც მამხილებელთა ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.
  • იმუნიზაციის გეგმით გათვალისწინებულ ტრენინგებს უნდა დაემატოს კეთილსინდისიერების კომპონენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება კორუფციის რისკების შეფასების შედეგებზე და ტრენინგის მონაწილეებს მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა უნდა მოიმოქმედონ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.
  • იმუნიზაციის პროცესი წარიმართოს სრული გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, რათა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ჰქონდეს პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა კონტრაქტის (მაგ: ვაქცინების, სახარჯი მასალების, იმუნიზაციის სერვისების შესყიდვა და ა.შ.) გამოქვეყნებას, ისე აცრილი მოსახლეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის დროულად გასაჯაროებას.

 

კომენტარები