ახალი კორონავირუსი

ვაქცინაცია მსოფლიოს 103 ქვეყანაში მიმდინარეობს, გაკეთებულია 240 მილიონი დოზა

Reuters

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ფორმალური კრიტერიუმების შეუსრულებლობის გამო ვერ მიიღო. მაღალი ალბათობით, საუბარია შემოსატანი ვაქცინის ავტორიზაციასა და მომწოდებელთან ზარალის ანაზღაურების ხელშეკრულებაზე როგორც ჩანს სწორედ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ვერ მიიღო ქვეყანამ ვაქცინა. 

საქართველო რჩება იმ ქვეყნების რიცხვში, რომელშიც ჯერ ვაქცინაცია არ დაწყებული ასეთი ქვეყნების რიცხვი კი ბოლო კვირების განმავლობაში სწრაფად მცირდება. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით ვაქცინაცია ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს მსოფლიოს 103 ქვეყანაში. 

ჯამურად ამ 103 ქვეყანაში უკვე გაკეთდა 241 მილიონი აცრა. ყოველდღიურად მსოფლიოში 6.7 მილიონი აცრა კეთდება. ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დამარცხება 4.6 წელი დაჭირდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის ტემპი მსოფლიოში მნიშვნელოვნად დაჩქარდება. 

აბსოლუტური მაჩვენებლების მიხედვით აშშ ლიდერობს. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთი აცრა უკვე გაკეთებული აქვს 75 მილიონ ადამიანს. სხვა ვაქცინების დარეგისტრირების პარალელურად, აშშ-ში მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციის დასრულებას უკვე ზაფხულისთვის გეგმავენ. მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის მაჩვენებლები გაიზრდება კომპანია Johnson&Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინის ავტორიზების შემდეგ, რადგან კომპანიას დიდი საწარმოო საშუალებები აქვს. 

რაც შეეხება აცრილი მოსახლეობის წილს, ამ მაჩვენებლით მსოფლიოს უპირობო ლიდერი ისრაელია. აქ მოსახლეობის 51%-მა [4.8 მილიონი] უკვე მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, მინიმუმ, ერთი აცრა. სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 35%-ზე მეტი. ისრაელში ყოველ 100 ადამიანზე კორონავირუსის 88 დოზა მოდის, რაც ასევე მსოფლიოს საუკეთესო მაჩვენებელია. 

ვაქცინების წარმოება, დისტრიბუცია და განაწილება მსოფლიო მასშტაბით ძალიან რთული და მასშტაბური ლოჯისტიკური ამოცანაა. ამ მიმართულებით მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ვაქცინების არათანაბარ განაწილებას, განვითარებად და ღარიბ ქვეყანაში ვაქცინის მიწოდების დაგვიანებას და სხვა პრობლემებს მოიცავს. 

ამგვარი პრობლემის აღმოსაფხვრელად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა "კოვაქსი", რომლის ფარგლებშიც ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო დაბალშემოსავლიანი და ღარიბი ქვეყნებისთვის. სწორედ კოვაქსის მეშვეობით მიიღო განამ astrazeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის 600 000 დოზა. ამგვარად, განა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ვაქცინა "კოვაქსის" პლატფორმის მეშვეობით მიიღო. 

უნდა ითქვას, რომ ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია რამდენიმე სხვა აფრიკულ ქვეყანაშიც, მათ შორის, სენეგალში, მოზამბიკში, სამხრეთ აფრიკასა და რუანდაში. ამ შემთხვევებში ძირითადად ლაპარაკია ჩინური წარმოების ვაქცინებზე, თუმცა, როგორც ცნობილია, რუანდამ Pfizer-ის და Astrazeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინაც მიიღო. 

საქართველო

რაც შეეხება საქართველოს, ჯერ კიდევ ივლისში ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ "საქართველო იქნება ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს". ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია თებერვალში უნდა შემოსულიყო. ლაპარაკია, Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის დაახლოებით 30 000 დოზაზე, რომელიც ძირითადად სამედიცინო პერსონალის აცრას მოხმარდებოდა.

24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ამ  ვაქცინების შემოტანის თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია. ამის მიზეზად მთავრობაში Pfizer-ის მიერ ახალი მოთხოვნის წამოყენებას ასახელებენ. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ როდის მიიღებს ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინას.

ამ დროისთვის საქართველოს მთავრობის გეგმები და იმედები ძირითადად Astrazeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინას უკავშირდება. საქართველოს ჯამურად Astrazeneca-ს მიერ წარმოებული 334 000 დოზა ვაქცინა აქვს ნაყიდი. აქედან 184 000 დოზა ქვეყანამ "კოვაქსის" პლატფორმის მეშვეობით, ხოლო 184 000 დოზა პირდაპირ მწარმოებლისგან იყიდა. თავდაპირველი ინფორმაციის მიხედვით, Astrazeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანას მარტის პირველ ნახევარში მიიღებს, თუმცა ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. 

"თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა მარტში უნდა მივიღოთ",- ამბობს ამირან გამყრელიძე. მთავრობის მიერ დამტკიცებული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციაა დაგეგმილი, თუმცა ვაქცინის შემოტანის გაჭიანურებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ გეგმები შეიცვლება. 

დაგვიანებული ვაქცინაცია უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან მასობრივი ვაქცინაციის გარეშე სხვადასხვა შეზღუდვის საჭიროება კვლავ იარსებებს. გუშინ მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან დაკავშირებით პროგნოზი გამოაქვეყნა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა, რომლის მიხედვითაც იანვარ-მარტში ქვეყნის ეკონომიკა 4.6%-ით შემცირდება. 

ცნობისათვის, წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რამდენი იყო ეკონომიკური კლების მაჩვენებელი გასულ თვეში. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი 28 თებერვალს გამოაქვეყნებს.  

პანდემიის მოსალოდნელზე მეტ ხანს გაგრძელების ფონზე, ეროვნული ბანკის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზი მიმდინარე წელთან დაკავშირებით უფრო პესიმისტური გახდა. მოსალოდნელია, რომ, საუკეთესო შემთხვევაში, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით, 4%-ით გაიზრდება. 

უკვე ცხადია, რომ პირველ კვარტალში მოცულობითი კლების ფონზე წლიური 4%-იანი ზრდის მიღწევა ძნელი იქნება. ეკონომიკური ზრდა უმთავრესად დამოკიდებული იქნება ტურიზმის აღდგენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ტურიზმი არ აღდგება, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა წელს დაახლოებით 1% იქნება. 

ტურიზმის აღდგენისთვის, თავის მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა მასობრივი ვაქცინაციაა, რაც საქართველოში ჯერ კიდევ არ დაწყებულა. 

კომენტარები