სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ

ბოკერია ივანიშვილზე: რამდენ შეცდომასაც დაუშვებს, მით უფრო დაახლოვდება სანქციების საფრთხე

"რამდენ შეცდომასაც დაუშვებს, მით უფრო დაახლოვდება სანქციების საფრთხე მისთვის". - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილზე. 

"ამ ტიპის ნიაღვარი და ზვავი, რა ტიპის წნეხიც მოდის ახლა და რა ფორმითაც განიხილება მისი და მისი გარემოცვისთვის სანქციები, აქამდე არ ყოფილა. ეს არ ნიშნავს, რომ სანქცია იქნება ხვალ ან ზეგ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, სანამ ის გონს არ მოვა, რომ ეს საფრთხე გახდეს სულ უფრო რეალური. ოღონდ იმ ამოცანით კი არა, რომ მაინც უნდა განხორციელდეს, იმ ამოცანით, რომ მიხვდეს, აუცილებლად განხორციელდება. 

[...] რამდენ შეცდომასაც დაუშვებს, მით უფრო დაახლოვდება ეს საფრთხე მისთვის. მაგრამ, თუ გონს მოვა, გამოუშვებს პოლიტპატიმრებს - დარბევის, კატასტროფული ოპერაციის შედეგად დაკავებულ მელიას, 8 მარტის შემდეგ ჩატოვებულ რურუას, დაჯდება ჩვენთან, რომ ტექნიკურ საკითხზე მოვილაპარაკოთ - როგორ მივდივართ ვადამდელ ნორმალურ არჩევნებამდე, მაშინ გადარჩება". - ამბობს გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

აშშ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კრის სოჩამ ონლაინ ვებინარზე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარეობს განხილვა სანქციების დაწესების შესახებ. არსებობს ორი ვარიანტი: პირველი - სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებიდან ერთ-ერთია აშშ-ს ტერიტორიაზე მყოფი ანგარიშების გაყინვა, რაც, შესაძლოა, ფინანსთა დეპარტამენტმა სხვა სამინისტროებთან ერთად განიხილოს; მეორე - შეზღუდვა მოგზაურობაზე. თუ თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც ამას აკეთებენ. ბოლო წლებში საუბარია იმაზე, უნდა მოუხსნან თუ არა შვილებს აშშ-ში მოგზაურობისა და განათლების უფლება. ვფიქრობ რომ ეს მას [ივანიშვილს] უნდა აღელვებდეს." - თქვა კრის სოჩამ.

კომენტარები