საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება

EMC: სააპელაციო სასამართლომ ადიგენელი გლეხის მიწის საპატრიარქოსთვის გადაცემა უკანონოდ ცნო

reginfo

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა ერთი მოსარჩელის მიმართ, რომლის საკუთრებაში არსებული მიწის ზუსტი იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა ექსპერტიზით. 

EMC სასამართლოში იცავს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოსა და დერცელშიმცხოვრები ქართველი მუსლიმი გლეხების ინტერესებს, რომელთა საძოვარი მიწებიც, ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მთავრობამ მოულოდნელად საპატრიარქოს გადასცა საკუთრებაში.

"EMC აგრძელებს ბრძოლას ზემდგომ სასამართლოში სხვა გლეხების ინტერესების დაცვისთვის.

ადგილობრივი გლეხებისთვის ეს საძოვრები ეკონომიკური ცხოვრების ბაზისური რესურსია და მათთვის მიწის რესურსზე წვდომას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ამიტომ, დაზარალებულმა გლეხებმა ჩვენი დახმარებით მათი საძოვრების თვითნებური გასხვისების გადაწყვეტილებები სასამართლოში გაასაჩივრეს.

სოფლის მიწების სხვა კერძო პირებისთვის საკუთრებაში გადაცემის პრაქტიკა ხშირად უგულებელყოფს ადგილობრივების სოციალურ ინტერესებს და უფლებას, ჰქონდეთ წვდომა სოფლის მიწაზე, რომელიც მათი ცხოვრების და გადარჩენის სასიცოცხლო რესურსია. ამ ინტერესის უგულებელყოფა კი სახელმწიფოს ამგვარ პრაქტიკას თვითნებურს და ანტისოციალურს ხდის.

ამ თვითნებობას, დამატებით, კულტურული და რელიგიური კონტექსტი და მნიშვნელობა ეძლევა, მაშინ, როცა მათი გადაცემა საპატრიარქოსთვის ხდება. მით უფრო, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც სოფელ კიკიბოსა და დერცელის მეზობლად მდებარე სოფლებში - ჭელაში (2013 წელი), მოხეში (2014 წელი) და ადიგენში (2016 წელი) ქართველი მუსლიმი თემის დევნის მძიმე გამოცდილებები და მეხსიერება არსებობს. ადგილობრივი ეპარქიის მიმართ კი ჭარბი პოლიტიკური ლოიალობა და ადგილობრივ პოლიტიკაში მისი გაუმართლებელი ჩარევის ნიშნები ჩანს". – წერია განცხადებაში.

კომენტარები