საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება

წილოსანი: ახალი კოდექსით, გარკვეულწილად, იზღუდება ეკლესიის მხრიდან ტყის ფართობების ფლობა

იმედი

გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ტყის კოდექსში ცვლილებებს, რომელიც საპატრიარქოსთვის საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარედ 20 ჰექტარამდე ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ცვლილებების ამ ფორმით მიღებას ეწინააღმდეგება და უარყოფითად აფასებს.

TDI-ს განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყანა უდიდესი გამოწვევის, COVID-19-ით შექმნილი ეპიდემიის წინაშე დგას, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ღიად არ ემორჩილება სახელმწიფოს მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილ წესებს, საქართველოს საპატრიარქოა.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი კი ამბობს, რომ ამ კოდექსით ეკლესიის მხრიდან გარკვეულწილად იზღუდება ტყის ფლობა და ეკლესიას ტყის მოვლის ვალდებულებაც დაეკისრება. 

"ახალი კოდექსით, პირიქით, გარკვეულწილად იზღუდება ეკლესიის მხრიდან ტყის ფართობების ფლობა და ეს არის კონკრეტულ შემთხვევაში 20 ჰექტარი. ამასთანავე, ნებისმიერი ასეთი მოთხოვნის პირობებში ეკლესიამ უნდა დააკმაყოფილოს ყველა ის მკაცრი მოთხოვნა, რაც კოდექსით არის გაწერილი და შემდგომშიც ტყის მოვლის აუცილებელი პირობები უნდა შეიქმნას, იმისთვის, რომ თავად კოდექსის იდეა, რაც არის ბუნების დაცვის და რესურსების ეფექტიანი გამოყენების პრინციპები იყოს დაცული", - ამბობს წილოსანი. 

ცვლილებები კომიტეტზე დღეს, 20 მაისს, მესამე მოსმენით გავიდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის თქმით, სიცრუეა, თითქოს ხელისუფლება მიზანიმამრთულად, წინასაარჩევნოდ აპირებს რომ ტყეები საპატრიარქოს გადასცეს. მისი თქმით, საპატრიარქოს ახალი კანონმდებლობით უფრო მეტი ვალდებულება ექნება, ვიდრე უფლება. 

კომიტეტების მხარდაჭერის შემდეგ, ცვლილებები დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. თუ პარლამენტი კანონპროექტს სამი მოსმენით მიიღებს, საქართველოს საპატრიარქოს შეიძლება, საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები. მსგავსი უფლება კი სხვა არცერთი სუბიექტისთვის არ არის განსაზღვრული.

კომენტარები