100 წელი ოკუპაციიდან

ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა საბჭოთა მითებს ავრცელებს

ტაბულა

დღეს, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. საქართველოსთვის ამ დიდ და მძიმე თარიღს ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ხვდება. 

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე საქართველოს მთავრობა საბჭოთა მითებს ავრცელებს და გადაუმოწმებელ, ყალბ ინფორმაციას აქვეყნებს. 

"1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართვლოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა". – დაწერა მთავრობამ Facebook-პოსტში. 

ისტორიკოსები მთავრობის ამ შეცდომას "სამარცხვინოს", "მავნებლურსა" და "სისულელეს" უწოდებენ. 

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ტაბულასთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ, სავარაუდოდ, მთავრობა ეყრდნობა საბჭოთა ისტორიაგრაფიას, თუმცა, იმასაც არასწორად. 

"საბჭოთა ისტორიოგრაფია ამტკიცებდა, რომ წითელი არმია 16 თებერვლის მერე ჩაერთო ბრძოლაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს რევკომმა სთხოვა დახმარება. გამოდის, რომ ამას აღიარებენ. ანექსია ნიშნავს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის შთანთქმას. ეს პოლიტიკური პროცესია, რაც ოკუპაციის შემდეგ მოდის. ომი 11 თებერვლიდან 17 მარტამდე პერიოდში გრძელდებოდა სხვადასხვა ფრონტზე, სადაც ათეული ათასი მეომარი იცავდა საქართველოს. 

17-24 თებერვალს თბილისის გარშემო 12 000-მდე მეომარი იბრძოდა. "იუნკრები" ანუ სამხედრო სკოლის კურსანტები იყვნენ ფრონტის ერთი სექტორის ერთ მონაკვეთზე, ტაბახმელასთან. მათი რიცხვი მაქსიმუმ 200-მდე იყო უმცროს მეთაურთა ახლად მიღებული ნაკადის ჩათვლით და სულ 6-9 კურსანტი დაიღუპა. 

"ესეც საბჭოური და პოსტსაბჭოთა მითის გადამღერებაა, რომ არავინ იბრძოლა სამშობლოს დასაცავად ერთი მუჭა იუნკრების გარდა". – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი. 

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ამბობს, რომ გასაბჭოების 100 წლისთავზე ამაზე ცუდი განცხადება საქართველოს მთავრობის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, რთული წარმოსადგენი იქნებოდა. 

"ეს განცხადება არის ბევრი რამის ნიმუში, მაგალითად, იმის, რომ საერთოდ ვიკიპედიის დონეზეც კი არ მოძებნეს ინფორმაცია. გარდა ამისა, ადგილ-ადგილ შეიცავს საბჭოთა ნარატივებსაც და მთლიანობაში შეურაცხმყოფელია, როდესაც 100 წლის თავზე ასეთ განცხადებას აკეთებენ. 

რაც შეეხება უშუალოდ შინაარსს, დავიწყოთ იმით, რომ უწერიათ, რომ 17 თებერვალს მოხდა ანექსია. ანექსია, ზოგადად, პროცესია. ანექსია ერთ დღეში არ ხდება. ალბათ, მანდ უნდოდათ, დაეწერათ, რომ ინტერვენცია, ანუ შემოჭრა დაიწყო 17 თებერვალს, მაგრამ ესეც არასწორია. საბჭოთა ნარატივი თარიღად ნერგავდა 16 თებერვალს, რომ თითქოს 11-16 თებერვალს ღამით ისინი არ იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე და უკვე ცნობილია, დოკუმენტებიც არსებობს, რომ მათ 11-12 თებერვლის ღამით დაიწყეს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა. ამათ საერთოდ 17 დაწერეს, რაც არაფერში ჯდება. 

რაც შეეხება იუნკრებს, თბილისთან 12 000 ადამიანი იბრძოდა, მთელი ომის განმავლობაში, დაახლოებით, 40 000 და აქედან მხოლოდ 183 იუნკერის გამოყოფა, რომლიდანაც 166 იბრძოდა, დანარჩენი ზოგი ლაზარეთში იყო, ზოგი სხვა საქმეებს ასრულებდა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, იმის გარდა, რომ თითქოს ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის არ ვიბრძოლეთ. ესეც საბჭოთა ნარატივის ერთგვარი გაგრძელებაა იმიტომ, რომ თითქოს იუნკრები და რაღაც თეთრგვარდიული ძალები და თავადაზნაურები იბრძოდნენ მხოლოდ და მხოლოდ. 

ასევე, ელემენტარული არითმეტიკაა, რომ 166 ადამიანიდან 9 დიდი უმრავლესობა არაა და სწორედ 9 იუნკერი დაიღუპა. 

100 წლისთავზე უფრო უარესი განცხადება, რთულად წარმოსადგენი იქნებოდა, რბილად რომ ვთქვათ". – ამბობს დიმიტრი სილაქაძე. 

  • 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე 7 მითის შესახებ წაიკითხეთ აქ

კომენტარები