ადამიანების დაკავება საოკუპაციო ხაზთან

კელი დეგნანი: სუს-ის ხემლძღვანელთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა დაკავების საკითხზე ვისაუბრეთ

საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის  აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების დაკავების საკითხებზე. 

პრესსამსახურის ცნობით, ეს სწორედ ის საკითხებია, რაზეც ელჩმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრაზე

„მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვქონდა, განგვეხილა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით, რეგიონში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებების ფონზე, რეგიონი უაღრესად დინამიკურია. ვისაუბრეთ იმ აგრესიაზე, რომელსაც საქართველო, რუსეთის მხრიდან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ხედავს, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა დაკავების საკითხზე, კიბერთავდასხმებსა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ბევრი მიმართულებით თანამშრომლობს და მე ველი ამ თანამშრომლობის გაგრძელებას მიმდინარე წლის განმავლობაში“.- ამბობს კელი დეგნანი.

პრესსამსახურის ცნობით, კელი დეგნანი შეეხო ზაზა გახელაძის უკანონოდ დაკავების ფაქტსაც.


11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა რუს სამხედროებს და საპასუხო სროლის დროს დაიჭრა. მას აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და გადაიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში, სადაც ამ დრომდე იმყოფება. 

 

კომენტარები