აშშ

კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამოსაძიებლად შესაძლოა, სპეციალური კომისია შეიქმნას

BBC

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსის განცხადების მიხედვით, შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური, დამოუკიდებელი კომისია, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმის მიზეზებსა და ფაქტებს გამოიკვლევს. აქამდე მსგავსი კომისია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ შეიქმნა. ეს კომისია იკვლევდა ტერაქტის გარემოებებს.

“ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს გარე, დამოუკიდებელი 9/11-ის სტილის კომისიის შექმნა, რათა გამოძიებულ და შეფასებულ იქნეს 2021 წლის 6 იანვარს შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის კომპლექსზე შიდა ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებული ფაქტები და გამომწვევი მიზეზები”. - წერია პელოსის წერილში.

მსგავსი კომისიის შესაქმნელად საჭიროა როგორც წარმომადგენელთა პალატის, ისე სენატის თანხმობა და სპეციალური წესდების შექმნა, საბოლოოდ კი პრეზიდენტის ხელმოწერა, რათა ის ძალაში შევიდეს. კომისიაში არ იქნებიან მთავრობის წარმომადგენლები. 

მსგავსი კომისიის შექმნის შესახებ იდეებმა გაიჟღერა როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელთა პარტიის წარმომადგენლებისგანაც. 

სპეციალური კომისიის შექმნაზე ყურადღების გამახვილება მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპი მეორე იმპიჩმენტის პროცესზე გაამართლეს

იმპიჩმენტის პროცესში გამართლების მიუხედავად, არ არის გამორიცხული, რომ ტრამპს ამჯერად სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწიოს, რასაც გასულ კვირაში ხაზი გაუსვა სენატის უმცირესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიტჩ მაკ-კონელმა.

“მას ჯერ არაფერი შერჩენია. ამ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლის სისტემა. გვაქვს სამოქალაქო სამართალი. ყოფილი პრეზიდენტები არცერთისგან არ არიან დაცული”. - თქვა მაკ-კონელმა.


2021 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. ამ ქმედების წახალისებაში ბრალი თავად ყოფილ პრეზიდენტს დასდეს, რის გამოც მოეწყო მისი იმპიჩმენტის პროცესი, უკვე მეორედ. დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 
14 თებერვალს აშშ-ს სენატმა იმპიჩმენტის პროცესში ტრამპის მსჯავრდებას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები