სოციალური მუშაკები

სოციალური მუშაკები: ვწუხვართ 14 წლის გოგოს გამო, ჩვენი უფლებრივი მდგომარეობა გაუსაძლისია

ტაბულა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები განცხადებას ავრცელებენ. მუშაკები ეხმაურებიან ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეს, ფაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და სტრუქტურაში არსებულ პრობლემებზე წერენ.

"ჩვენ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკები დიდ წუხილს გამოვთქვამთ ქობულეთში მომხდარი სამწუხარო ფაქტის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი მოზარდის ახლობლებს.

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვზე ზრუნვის სისტემის გამართულ მუშაობას და ბავშვთან შემხებლობაში მყოფ თითოეულ სუბიექტს: სკოლას, სოციალურ სამსახურს, პოლიციას და სხვა". – ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური მუშაკები ასევე საუბრობენ სტრუქტურაში არსებულ სირთულეებზე. ისინი არსებულ უფლებრივ მდგომარეობას გაუსაძლისს უწოდებენ და ამბობენ, რომ ახლა მუშაობა იმაზე რთულ პირობებში უწევთ, ვიდრე 2 წლის წინ.

"სამწუხაროდ, ჩვენ, როგორც ბავშვზე ზრუნვის სისტემის ნაწილი, მივიჩნევთ, რომ დასაქმებული სოციალური მუშაკების უფლებრივი მდგომარეობა არის გაუსაძლისი და იმაზე რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა ვიდრე 2 წლის წინ, როდესაც გვქონდა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ. დღესდღეობით არსებული რესურსებით ჩვენ არ შეგვიძლია, საფუძვლიანად შევისწავლოთ თითოეული შემთხვევა, შევაფასოთ რისკები, დავგეგმოთ პრევენციული ან სარეაბილიტაციო მუშაობა". – ვკითხულობთ განცხადებაში.

სოციალური მუშაკების ცნობით, სისტემაში არის კადრების კრიტიკული დეფიციტი. სოციალურ მუშაკთა რაოდენობის გაზრდის ნაცვლად სისტემიდან რეორგანიზაციის საფუძვლით 2020 წლის იანვარში სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს 33 სოციალური მუშაკი. ამ დრომდე არ მომხდარა გათავისუფლებული კადრების აღდგენა. დღეს არსებული რიცხვი არ შეესაბამება სოციალური მუშაობის შესახებ კანონით აღებულ ვალდებულებებს, რის გამოც, თითოეულ სოციალურ მუშაკს უწევს საქმეთა გადაჭარბებულ რაოდენობაზე მუშაობა. მუშაკები ასევე საუბრობენ გადაადგილების პრობლემაზე, რაც საქმიანობის განხორციელებისას დიდ სირთულეს ქმნის. 

"ყოველივე აჩვენებს, რომ სოციალური მუშაკები ვიმყოფებით ქაოტურ მდგომარეობაში, ყოველდღიურად ვხედავთ, რომ მიმდინარე რეფორმები არათუ გვეხმარება ჩვენზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებაში, არამედ პირიქით. ამ რეფორმების დაგეგმვისას არ ყოფილა გათვალისწინებული პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების ექსპერტიზა და გამოცდილება, ასევე არ იქნა გათვალისწინებული კადრების სიმწირე, არსებული სერვისების რაოდენობა და ხარისხი არ შეფასებულა სათანადოდ.

ვიმყოფებით პროფესიული და ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე, რაც ჩვენი შრომის ეფექტიანობას ამცირებს და ვერ ვაწვდით სათანადო დახმარებას ბენეფიციარებს". – წერია განცხადებაში.

ქობულეთში 14 წლის გოგომ სექსუალური ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც 10 თებერვალს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანმა საკუთარ სახლში თავი მოიკლა.  14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ მისი ბაბუაც დააკავა. უწყებამ ბაბუა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და მუქარის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები