თხევადი გაზის აქციზი

მსხვილი ბიზნესის მიერ სახელმწიფოს ხელით მოკლული მცირე ბიზნესი

თხევადი გაზის აქციზი

მსხვილი ბიზნესის მიერ სახელმწიფოს ხელით მოკლული მცირე ბიზნესი

ნავთობკომპანიების მოთხოვნის საფუძველზე კიდევ ერთხელ გაიზარდა თხევადი გაზის აქციზი. გაზრდილი აქციზის გამო თხევადი გაზის ფასმა მოიმატა და ის ბენზინის ფასს უახლოვდება.

ევროპული ნორმების დანერგვის სახელით, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც რეალურად ნავთობკომპანიებს საავტომობილო საწვავის ბაზარზე კონკურენტი თხევადი გაზის კომპანიების შევიწროებაში ეხმარება და არაფერი აქვს საერთო ევროპულ პრაქტიკასთან.

ნავთობკომპანიების მოთხოვნის საფუძველზე კიდევ ერთხელ გაიზარდა თხევადი გაზის აქციზი. მანამდე აქციზი 2017 წელს გაიზარდა, როცა დაბეგვრის ორეტაპიანი სისტემა შემოიღეს. პირველ ეტაპზე იმპორტირებული თხევადი გაზი 120 ლარით იბეგრებოდა, მეორე ეტაპზე კი, საავტომობილო საწვავად გამოყენების შემთხვევაში, დამატებით კიდევ 180 ლარით, ჯამში, 300 ლარით.

2020 წლის ზაფხულში მიღებული კანონით დაბეგვრის სისტემა ორეტაპიანიდან პირდაპირ ერთეტაპიანზე გადავიდა, რაც იმას გულისხმობს, რომ გაუქმდა 2017 წელს მიღებული ორეტაპიანი სისტემა და აქციზი ერთ ტონა თხევად გაზზე პირდაპირ 300 ლარით განისაზღვრა თხევადი გაზის ყველანაირი მოხმარებისთვის.

ბენზინის ლობისტები ამტკიცებდნენ, რომ საავტომობილო თხევადი გაზის ზოგიერთი კომპანია ბოროტად სარგებლობდა ორეტაპიანი აქციზით და აქციზის მხოლოდ პირველ ნაწილს (120 ლარი) იხდიდა, ხოლო მეორეს (180 ლარი) მალავდა.

2017 წლამდე თხევად გაზზე აქციზის განაკვეთი 120 ლარი იყო, თავად ეს რიცხვი კი ევროკავშირის დირექტივით გათვალისწინებულ სტანდარტებთან იყო თანხვედრაში.

ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პირობებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, ეტაპობრივად, ხუთი წლის ვადაში, 2020 წლამდე,  დაეახლოებინა თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის  კანონმდებლობისათვის.

გარდა ამისა, ასოცირების შეთანხმებაში პირდაპირაა მითითებული, რომ საქართველო ვალდებულია, გაითვალისწინოს ევროკავშირის დირექტივა ენერგოპროდუქტების დაბეგვრის შესახებ. 

ამ დირექტივაში განსაზღვრულია მინიმალური აქციზის მოცულობა, რომელიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შემთხვევაში, ერთ ტონა თხევად გაზზე 125 ევროა, ხოლო არაეთილირებულ ბენზინზე - 485 ევრო. თანაფარდობა შემდეგგვარია: თხევადი გაზის აქციზი ბენზინის აქციზს 25%-ია. ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა იცავს ამ პროპორციას. 

ახალი ქართული კანონით თხევადი გაზის აქციზი ბენზინის აქციზის 60%-ია. 
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაითვალისწინებდა ევროსტანდარტებს და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას, 25%-ის პრინციპით, თხევად გაზზე 300-ლარიანი აქციზის საპირწონედ, არაეთილირებულ ბენზინზე აქციზი 1200 ლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა საქართველოს მთავრობამ არაეთილირებულ ბენზინზე აქციზი მხოლოდ 500 ლარით განსაზღვრა.

აქციზის  განაკვეთი  ევროკავშირში

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგადასახადო სისტემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ქართული აქციზი 30%-ით აჭარბებს ევროკავშირის მედიანსა და საშუალო პროცენტულ თანაფარდობებს. გარდა ამისა, ის 35%-ით აჭარბებს დირექტივით გათვალისწინებულ 25%-იან თანაფარდობას ბენზინის აქციზსა და თხევადი გაზის აქციზს შორის. 

თხევადი გაზი, ბენზინთან შედარებით, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი საშუალებაა. ის 30%-ით ნაკლებ CO2-ს გამოყოფს და მას ტრადიციული საწვავის ეკომეგობრულ ალტერნატივად განიხილავენ.

ევროკავშირის დირექტივა და წევრი ქვეყნების კანონმდებლობა გათბობის, არასამეწარმეო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა დანიშნულებით გამოყენებული თხევადი გაზისთვის გაცილებით დაბალ აქციზს ითვალისწინებს, ვიდრე ავტომობილის საწვავად მოხმარების დროს. კერძოდ, დირექტივის თანახმად, კომერციული და არაკომერციული მიზნებით გამოყენებული თხევადი გაზის აქციზის მინიმალური განაკვეთი 0 ევროა, საწვავად გამოყენების შემთხვევაში, გარდა ავტომობილებისა, მინიმალური აქციზი 41 ევროთია განსაზღვრული. 

2020 წლის ივნისიდან მოყოლებული, ქართული საგადასახადო კოდექსი ერთმანეთისგან არ განარჩევს თხევადი გაზის დანიშნულებებს.  ამ შემთხვევაშიც, ქართული კანონმდებლობა არსებითად სცილდება ევროპულ სტანდარტებს.

საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის ანალიზით, მნიშვნელოვნად დაზარალდნენ თხევადი გაზის მომიჯნავე სფეროები, კერძოდ, შემცირებულია ავტომობილების თხევად გაზზე გადასაყვანი მოწყობილობების იმპორტი, ამ სექტორში კი დაახლოებით 500 ადამიანი იყო დასაქმებული.

გაზრდილი აქციზის გამო თხევადი გაზის ფასმა მოიმატა და ბენზინის ფასს უახლოვდება. 2020 წლის მაისში 1 ლიტრი თხევადი გაზის ფასი 0.89 ლარი იყო, ახლა კი - 1.30 ლარია.
 

კომენტარები