საპატრიარქო

თინიკაშვილი სინოდს: ნუ ემუქრებით ახალგაზრდებს!

ქართულმა მართლმადიდებლობამ საკუთარი თავისგან კიდევ მეტად განიზიდა ახალგაზრდობა.

სინოდის დღევანდელ განჩინებაში ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდების წინააღმდეგ მიმართულმა გააფთრებულმა მუქარის ენამ გამაოგნა. როგორც ვიცით, მათ სახელმწიფოს მხრიდან შეურაცხმყოფელ მონობას “გირჩის” დახმარებით დააღწიეს თავი. ამ ბიჭების ერთადერთი მოტივი ქვეყანაში არსებული მახინჯი სამხედრო სისტემისგან განთავისუფლება იყო და ეს მოტივი თავად განჩინებაშივე აღინიშნება. მაგრამ წმინდა მეუფენი მაინც ცდილობენ, მათ შემაძრწუნებელი განზრახვა მიაწერონ: მართლმადიდებლობისგან “განდგომა” და ეკლესიის “შეურაცხყოფა”! რატომ ხართ ასე დარწმუნებულნი, რომ ამ ახალგაზრდებს სწორედ ასეთი ბოროტი ჩანაფიქრი ჰქონდათ? და თუ არ ჰქონდათ, ეს თქვენი მხრიდან ცილისწამება გამოდის, რის შემდეგაც გყოფნით უსინდისობა, მათ ჯოჯოხეთურად ამცნოთ: არ მოგნათლავთ, დაქორწინებისას ჯვარს არ დაგწერთ, ტაძარში როცა მოხვალთ, არ გაზიარებთ და როცა მოკვდებით, წესსაც არ აგიგებთ... და ამით გგონიათ, რომ ღვთის ნებას ასრულებთ... იქნებ მართლა გჯერათ, რომ ღმერთი თქვენს ამ რიტუალებს ემორჩილება?

დარწმუნებული იყავით, რომ ეს მუქარა დღევანდელ ახალგაზრდებს ვერ შეაშინებს. თქვენგან განსხვავებით, მათ არ უცხოვრიათ საბჭოთა კავშირში და გარე სამყაროს სრულიად სხვაგვარად აღიქვამენ. ამიტომ დღევანდელი გადაწყვეტილება საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს: გარანტირებულად და შეუქცევადად გაზრდის იმ უკმაყოფილებას, რაც მათში ისედაც არსებობს თქვენ წინააღმდეგ.

აშკარაა, რომ ამ ახალგაზრდების მდგომარეობა ნაკლებად აღელვებთ წმინდა ბუნაგში. მთავარია, დაიქუხონ, დაიღრინონ და ამით საკუთარი წმინდა მოვალეობა აღსრულებულად მიიჩნიონ. რა გასაკვირია და “გირჩი” უფრო ჰუმანური აღმოჩნდა, როცა დღეს განაცხადა, რომ “ბიბლიური თავისუფლების” ე.წ. მღვდლებს ეძლევათ უფლება, უარყონ მათი წევრობა, მონანიების ცნობა აიღონ და “დაუბრუნდნენ” მართლმადიდებელ ეკლესიას, თუ ამ უკანასკნელს მიაჩნია, რომ ის უარყვეს და თუ რომელიმე ახალგაზრდას მართლაც აშფოთებს ეს რიტუალური შურისძიება.

ვწუხვარ, რომ ასე მწარედ დაგიცდათ ფეხი მომავალი თაობის წინაშე. უფრო მეტად კი იმაზე ვწუხვარ, რომ ეს დაცემა არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება თქვენი მხრიდან.

აქვე სოლიდარობას ვუცხადებ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს!

წერს თეოლოგი დავით თინიკაშვილი Facebook-პოსტში. ის იმ განჩინებას ეხმაურება, რომელიც საპატრიარქოს წმიდა სინოდმა 12 თებერვალს გამოაქვეყნა. სინოდის დადგენილებით, მათ, ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით, გირჩის ბიბლიური თავისუფლების სასულიერო პირის ცნობა მიიღო, აეკრძალებათ ზიარება, ნათლისღება, ჯვრისწერა და ა.შ. სანამ "არ მოინანიებენ". გარდაცვალების შემთხვევაში მათ არც წესს აუგებენ. 

კომენტარები