Filmmaker.ge მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისთვის იდეების კონკურსს აცხადებს

Filmmaker.ge

კინოპლატფორმა Filmmaker.ge აცხადებს იდეების კონკურსს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისთვის. პირველი პროექტის თემა თავისუფალია, იდეის წარდგენის ბოლო ვადა 9 მარტია.

Filmmaker.ge-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, აკო მაჭავარიანის თქმით, ახალი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოსკინოდოკუმენტალისტებს იდეის დამუშავებასა და ფილმის გადაღებაში.

პროექტის ფორმატი რეჟისორებს აძლევს საშუალებას, შემოიტანონ კონკურსში როგორც სრულიად ახალი იდეა, ასევე წარადგინონ თავიანთი მიმდინარე პროექტები. კონკურსის მონაწილეებისთვის იდეების რაოდენობა შეზღუდული არ არის. 

Filmmaker.ge-თან ერთად ამ პროექტში არაერთი დიდი ქართული კომპანიაა ჩართული. პროექტის პარტნიორები არიან – კინოკომპანია Sarke Studio, პოსტ პროდაქშენ კომპანია POSTRED და პროდაქშენ კომპანია Silk Factory Studio.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მედიუმში, სფეროსა თუ დისციპლინაში მომუშავე ადამიანს; შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ნამუშევრის იდეის წარმოდგენა.

მონაწილეობისათვის საჭიროა წარმოადგინოთ: მაქსიმუმ 500-სიტყვიანი ნათლად ჩამოყალიბებული იდეა; დაწყებული დოკუმენტური ფილმის შემთხვევაში ვიდეომასალა. ახალი იდეის შემთხვევაში რაიმე სახის ვიზუალური პრეზენტაცია (ფოტო, ჩანახატი, ვიდეო- თუ აუდიომასალა). ამომწურავ ინფორმაციას პროექტსა და მასში მონაწილეობისათვის საჭირო დეტალებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მონაწილეობის მსურველებმა პროექტები უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]. იდეის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 9 მარტი, 23:59(GMT+4). გამარჯვებულებს დაუკავშირდებიან კონკურსის ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

კომენტარები