ჯინა კარანო

ჯინა კარანო სოციალურ ქსელში გადაზიარებული პოსტის გამო მანდალორელიდან დაითხოვეს

EW

კინოკომპანია Lucasfilms-მა, რომელიც სერიალ მანდალორელზე მუშაობს, მსახიობი ჯინა კარანო დაითხოვა. პროექტიდან მოხსნის მიზეზი კარანოს მიერ სოციალურ ქსელში პოსტის გადაზიარება გახდა.

"კარანოს პოსტები, რომლებიც განსხვავებული კულტურული და რელიგიური კუთვნილების ადამიანების გაკიცხვას ემსახურება საზიზღარი და მიუღებელია". – წერია Lucasfilms-ის განცხადებაში.

მსახიობმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გადააზიარა, რომელშიც ავტორმა თანამედროვე რესპუბლიკელების ყოფა ჰოლოკოსტის პერიოდის ებრაელების მდგომარეობას შეადარა.

"ებრალებს ქუჩებში კლავდნენ... მათ საკუთარი მეზობლები, ბავშვებიც კი კლავდნენ და არა ნაცისტი ჯარისკაცები. იმის გამო, რომ ისტორია გადაწერილია ადამიანებმა დღემდე ვერ გაიაზრეს, რომ ნაცისტ ჯარისკაცებზე ადრე, საკუთარი ებრაელი მეზობლების წინააღმდეგ მოსახლეობა მთავრობამ განაწყო. იგივეა ახლაც, ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან". – ეწერა პოსტში, რომელიც მოგვიანებით ავტორმა წაშალა.

პოსტს ქსელებში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მანდალორელის ფანების ნაწილმა მსახიობის პროექტიდან მოხსნა მოითხოვა და #FireGinaCarano(დაითხოვეთ ჯინა კარანო) თეგი გაავრცელა.

კარანო ლეგენდარული MMA-ს მებრძოლია, რომელმაც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მსახიობობას მიჰყო ხელი. მას ნათამაშები აქვს ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორებიცაა "ფორსაჟი 6" და "დედპული". 

რესპუბლიკური პარტიისა და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი მებრძოლი და მსახიობი პოსტების გამო ადრეც არაერთხელ გაუკრიტიკებიათ. 

კომენტარები