თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის საელჩოს თავდაცვის ატაშეს მოუსმინეს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის მოუსმინეს.

უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკელმა პოლკოვნიკმა ამერიკული მხარის მიერ გაწეულ დახმარებასა და სამხედრო რეფორმების მხარდაჭერაზე ისაუბრა. პოლკოვნიკმა ბიგლმა ასევე წარადგინა ინფორმაცია სამომავალო თანამშრომლობის მიმართულებებსა და თავდაცვის სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებზე. 

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას თქმით, ამერიკული მხარის მიერ გაწეული დახმარება და მხარდაჭერა კონკრეტულ ღონისძიებებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უზრუნველყოფს.

“შეხვედრაზე ამერიკელმა პარტნიორებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გაგვაცნეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რომელიც ამერიკელი ხალხის ნებას ემყარება და იგი ასახულია ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, როგორიც არის საქართველოს მხარდაჭერის აქტი და კონსოლიდირებული აპროპრიაციის და თავდაცვის ავტორიზაციის აქტები, უსაფრთხოების ჩარჩოშეთანხმება და სხვა არაერთი სამართლებრივი ინსტრუმენტი“. -ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. 

კომიტეტში გამართულ შეხვედრას საელჩოს თანამშრომლები და თავდაცვის სფეროს ოფიცრები დაესწრნენ.

 

კომენტარები