ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა ახალი გადასახადების გამო შტატის დატოვებით იმუქრება

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა. უოლ სტრიტის N11. 
ფოტო: Getty Images

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის (NYSE) წარმომადგენლებმა მკაცრად გააფრთხილეს შტატის კანონმდებლები, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ახალ გადასახადებს დააწესებენ, საფონდო ბირჟა ნიუ-იორკს დატოვებს.  ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal ავრცელებს.

“თუკი შტატის კანონმდებლები მიიღებენ ახალ საგადასახადო სისტემას, შესაძლოა, გლობალური ფინანსური ინდუსტრიის ცენტრს (NYSE) ახალი სახლის პოვნა დასჭირდეს“. – თქვა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის პრეზიდენტმა, სტეისი ქანინგჰემმა. 

კანონმდებლების აზრით, ახალი საგადასახადო სისტემა, რომელიც ეხება საფონდო ბირჟებზე აქციების, ობლიგაციებისა და დერივატივების გადაცემას, კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული შტატის ბიუჯეტის მდგომარეობს გააუმჯობესებს. 

დემოკრატი წარმომადგენლები თვლიან, რომ ახალი კანონპროექტი მნიშვნელოვნად არ დააზარალებს საფონდო ბირჟას და მსგავსი გადასახადების დაწესების გამო ნიუ-იორკის დატოვება არარეალურია. 

ნიუ-იორკის გუბერნატორ ენდრიუ კუომოს ახალი კანონპროექტისადმი მხარდაჭერა არ გამოუხატავს.

მისი სპიკერის თქმით, მსოფლიო ახალ რეალობაში ცხოვრობს, სადაც საინვესტიციო და ფინანსური საქმიანობების განხორციელება დისტანციურადაც შეიძლება, ამის გამო, ახალი გადასახადების დაწესების შემთხვევაში, საფონდო ბირჟას ექნება მიზეზიცა და საშუალებაც, დატოვოს ნიუ-იორკის შტატი და გადავიდეს იქ, სადაც მსგავსი გადასახადები არ არის. 

საფონდო ბირჟის წარმომადგენლების თქმით, თუკი ნიუ-იორკს კვლავაც სურს ფინანსური ინდუსტრიის დედაქალაქად დარჩენა, მან ასეთი კანონპროექტები არ უნდა მიიღოს და მეტი სიფრთხილით უნდა მოეპყროს მსგავს საკითხებს. 

უოლ სტრიტის N11-ში მდებარე NYSE მსოფლიოში უდიდესი საფონდო ბირჟაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 25 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
 

კომენტარები