ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა

ენგურის ხიდი
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური

თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გაავრცელა.

მისივე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, "გარკვეულ კატეგორიებს" ექნებათ თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა.

"ცალსახად მისასალმებელია ყოველი მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ. საქართველოს ხელისუფლება ყველა ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმის და ბერკეტის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შუამდგომლობით მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება". – ამბობს თეა ახვლედიანი.

COVID-19-ის პრევენციის მიზეზით სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა.

კომენტარები