ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ოთხი კვირის მანძილზე მსოფლიოში Covid-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.
ყოველკვირეული ეპიდემიოლოგიური ანგარიშის თანახმად, გასულ კვირას მსოფლიოში კორონავირუსის 3.1 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 17%-იანი შემცირებაა წინა კვირის იმავე მაჩვენებელთან შედარებით.
ოქტომბრის შემდეგ ეს ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა, 871 365 აშშ-ში გამოვლინდა, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა კვირის მონაცემებთან შედარებით 19%-ით არის შემცირებული. ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობა გამოვლინდა ბრაზილიაში, საფრანგეთში, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში.
რეგიონების მხრივ ყველაზე მეტად ახალი შემთხვევების რაოდენობა 22%-ით აფრიკაში შემცირდა.
მეორე კვირაა ზედიზედ, შემცირდა COVID-19-ით გამოწვეული გარდაცვალების რაოდენობაც. გასულ კვირას ინფექციით 88 000 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა მონაცემთან შედარებით 10%-იანი შემცირებაა.
პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში Covid-19-ის 105.4 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2.3 მილიონი ადამიანი.