რელიგია რუსეთში

რუსეთში იეჰოვას კიდევ რამდენიმე მოწმე დაიჭირეს

10 თებერვალს რუსმა სამართალდამცავებმა რამდენიმე იეჰოვას მოწმე დაიჭირეს და მოსკოვში 16 სხვადასხვა მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს.

გამომძიებლების თქმით, ეს ჯგუფის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი გამოძების ნაწილია. 

საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ ისინი აკრძალული რელიგიური ჯგუფის აქტივობების ორგანიზებისა და მათში მონაწილეობის მიღებისთვის დააკავეს

საგამოძიებო კომიტეტში არ უთქვამთ, თუ რამდენი ადამიანი დაიჭირეს სულ. 

2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ რელიგიური ორგანიზაცია ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო და რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს ქადაგება აუკრძალა.

მინისტრმა რუსეთის უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა, რომ დაეხურათ რელიგიური ორგანიზაციის სათაო ოფისი და 175 000 წევრისთვის აეკრძალათ "ექსტრემისტული" ლიტერატურის გავრცელება.

2019 წლის მარტში იეჰოვას მოწმეების თქმით, რუსეთში, ქალაქ სურგუტში საგამოძიებო კომისიის ოფისში დაკითხვისას ისინი გააშიშვლეს, სცემეს და ელექტროშოკით აწამეს.

რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა აკრძალვასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არის რელიგიური დევნა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც უბრალოდ, საკუთარ რწმენას გამოხატავს.

რელიგიური ორგანიზაცია რუსეთში 1991 წელს დარეგისტრირდა. საბჭოთა კავშირის დროს ათასობით იეჰოვას მოწმე გადაასახლეს ციმბირში. იმ დროისათვის, სხვა ქრისტიანული ჯგუფებიც იდევნებოდნენ.

კომენტარები