კრიმინალი

შსს: დააკავეს 46 ქართველი, რომლებიც ევროკავშირში დანაშაულებრივ ქმედებებს სჩადიოდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო საპოლიციო
თანამშრომლობის ფარგლებში, დააკავეს საქართველოს 46 მოქალაქე, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტიურად სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. 

უწყების ცნობით, 2021 წლის 9 თებერვალს, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოპერაცია "კანონიერი ქურდის" ფარგლებში, გამოავლინეს და დააკავეს იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე – 23, პოლონეთში – 2, საბერძნეთში – 1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში – საქართველოს 1 მოქალაქე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩართული იყვნენ დანაშაულებრივ ქმედებებში.

"გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ". – ნათქვამია განცხადებაში.

იტალიის რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ საქმე აღძრა იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე, 624-ე და 648-ე მუხლებით, რაც გულისხმობს კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობას, ასევე, ფულის გათეთრებას და მაქსიმალური სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციას. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით მოხდა ყველა პიროვნების იდენტიფიცირება, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში
მონაწილეობდნენ.

ასევე, 2021 წლის 9 თებერვალს საფრანგეთის რესპუბლიკაში ერთობლივი ოპერაცია "BRATVA-35" ჩატარდა. ოპერაციის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქებში: როშ-სურ-იონში, ნუარში, ანჟერში, ბორდოსა და რენში ქართული წარმოშობის "კანონიერი ქურდი" – კ.ა. და საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ საფრანგეთის რესპუბლიკის სსკ-ის 131-ე, 132-ე, 311-ე, 321-ე, 450-ე მუხლებითა და საბაჟო კოდექსის 414-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები: ორგანიზებული ჯგუფის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში ჩადენილი ქურდობის არაერთი ეპიზოდი, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა/გასაღება და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლის ვადით და ჯარიმას 375 ათასი ევროს ოდენობით.

კომენტარები