კორონავირუსი სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეის დედაქალაქში Covid-19-ის ტესტს შინაურ ცხოველებსაც ჩაუტარებენ

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში კორონავირუსის ტესტს ჩაუტარებენ შინაურ ცხოველებს, რომლებსაც სიმპტომები აღმოაჩნდებათ. ამის შესახებ განცხადება ადგილობრივმა მთავრობამ გააკეთა.

ტესტი მხოლოდ იმ ცხოველებს ჩაუტარდებათ, რომლებსაც კორონავირუსით დაავადებულ პირთან ჰქონდათ შეხება და სიმპტომები გამოუვლინდებათ, მათ შორის სიცხე და სუნთქვის გართულება.

ვირუსის დადასტურების შემთხვევაში ცხოველები გარკვეული დროით სახლში უნდა დარჩნენ. ვინაიდან არ გამოვლენილა შინაური ცხოველიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შემთხვევები, მათი იზოლაციაში გადაყვანა სავალდებულო არ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მათი პატრონი ავადმყოფობის ან სხვა გარემოებების გამო მათ მოვლას ვერ ახერხებს, ცხოველებს სპეციალურ საკარანტინე დაწესებულებაში გადაიყვანენ.

რამდენიმე კვირის წინ სამხრეთ კორეაში კორონავირუსი კატას დაუდასტურდა. მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მოუწოდეს, შინაური ცხოველების გასეირნებისას დაიცვან მათსა და სხვა ცხოველებს ან ადამიანებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია.

კორონავირუსის შემთხვევები სხვა ცხოველებშიც გამოვლინდა. სან დიეგოს ზოოპარკში ვირუსი ორ გორილას დაუდასტურდა. მათ დაავადება მომვლელისაგან გადაედოთ. ბრონქსის ზოოპარკში კი ლომები და ვეფხვები დაავადდნენ.

 

კომენტარები