კორონავირუსი სამხრეთ აფრიკაში

სამხრეთ აფრიკამ AstraZeneca-ს COVID-19-ის ვაქცინის იმუნიზაციის პროგრამაში გამოყენება დროებით შეაჩერა

Reuters

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა Oxford-AstraZeneca-ს COVID-19-ის ვაქცინის იმუნიზაციის პროგრამაში გამოყენებას დროებით შეაჩერებს. გადაწყვეტილება განპირობებულია ახალი მონაცემებით, რომელთა თანახმადაც AstraZeneca-ს ვაქცინა ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ მინიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.

ოქსფორდის და ვითვოთერსრანდის უნივერსიტეტის მკვლევარების კვლევის თანახმად AstraZeneca-ს ვაქცინა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ "მინიმალურ დაცვას უზრუნველყოფს". კვლევა, რომელიც 2 000 ადამიანისგან მიღებულ მონაცემებზეა დაფუძნებული ჯერ რეცენზირებული არ არის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი სარა გილბერტის თანახმად, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების რთული ფორმების თავიდან არიდებისთვის გარკვეულწილად ეფექტიანი მაინც იქნება. პროფესორის თქმით, სავარაუდოა, რომ სამხრეთ აფრიკის შტამის წინააღმდეგ ეფექტიანი ვაქცინის ვერსია შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, AstraZeneca-ს ვაქცინით ადამიანების აცრის პროცესის დაწყებამდე, მთავრობა დაელოდება მეცნიერების რეკომენდაციას. თავდაპირველად იგეგმებოდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა. ამ კვირაში ქვეყანამ უკვე მიიღო ვაქცინის მილიონი დოზა, რომლთაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია უნდა დაწყებულიყო. ამ ეტაპზე ქვეყნის მთავრობა ვაქცინაციისთვის Johnson & Johnson-ის და Pfizer-ის ვაქცინებს გამოყენებას აპირებს.

"რას ნიშნავს ეს ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის რომელიც თებერვალში უნდა დაწყებულიყო? მომავალი კვირიდან და მომავალი ოთხი კვირის განმავლობაში ველით Johnson & Johnson-ის და Pfizer-ის ვაქცინებს. ეს ვაქცინება იქნება ხელისაწვდომი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის. AstraZeneca-ს ვაქცინა ჩვენთან დარჩება სანამ მეცნიერები გვეტყვიან, რა უნდა გავაკეთოთ" - თქვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ასევე ცნობილი როგორც 501.V2 ან B.1.351, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დიდწილად ვირუსის სწორედ ეს შტამია გარცელებული.

AstraZeneca-ს თანახმად მისი ვაქცინა დიდ ბრიტანეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტიანია და დაავადებისგან ადამიანის დაცვას უზრუნველყოფს. ადრეული კვლევებით Pfizer-BioNtech-ის და Moderna-ს ვაქცინები კორონავირუსის ახალი ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამების წინააღმდეგ ეფექტიანია.  

ექსპერტების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელიავაქცინების შეცვლა და დახვეწა, რაღა ისინი ვირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ მეტად ეფექტურები იყვნენ. ამას რამდენიმე კვირა ან თვე შეიძლება დასჭირდეს.

კომენტარები