აშშ

ბაიდენს არ სურს, რომ ტრამპს დაზვერვის გასაიდუმლოებულ ბრიფინგებზე წვდომა ჰქონდეს

ჯო ბაიდენი / დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ახირებული ქცევების გამო დაზვერვის გასაიდუმლოებულ ბრიფინგებზე წვდომა აღარ უნდა ჰქონდეს.

"ვფიქრობ, საჭირო არაა, მან ეს ინფორმაცია მიიღოს. რა სარგებელი იქნება ამისგან? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას გარდა იმისა, რომ სადმე წამოსცდეს?" – თქვა ბაიდენმა.

ტრადიციულად, მსგავს ინფორმაციაზე წვდომა ყოფილ პრეზიდენტებს აქვთ და ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მოქმედ პრეზიდენტებს რჩევებსაც აძლევენ. ყოფილი პრეზიდენტისათვის მსგავს ინფორმაციაზე წვდომის მიცემა ან შეწყვეტა მოქმედი პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ბაიდენს ამ დრომდე არ მიუცია ტრამპისათვის სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა. მიზეზად ის არა ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო პროცესს, არამედ მის ქცევებს ასახელებს.

ტრამპისათვის გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაზიარებისგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა ბაიდენს წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფმაც. მას მიაჩნია, რომ ტრამპს ამ ინფორმაციას ვერ ანდობენ.

ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი სენატში 9 თებერვლიდან დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ სენატი მას იმპიჩმენტს გამოუცხადებს, ტრამპს ჩამოერთმევა ის პრივილეგიები, რითაც ყოფილი პრეზიდენტები სარგებლობენ და ვეღარ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ კენჭისყრას.

კომენტარები