ავტონომიური ელექტრომობილები

Apple-ი ავტონომიური ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს

არაოფიციალური კონცეპტი
ფოტო: kouragoal.com

Apple Car - ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ამბიციური პროექტია, რომლის განსახორციელებლად Apple-ი გეგმავს სამხრეთკორეულ Hyundai-Kia-სთან თანამშრომლობას.

მრავალწლიანი ცდების შემდეგ, CNBC-ის ინფორმაციით, Apple და Hyundai-Kia მოლაპარაკებების ფინალურ ფაზაში არიან იმ შეთანხმების შესახებ, რომლის მხედვითაც, ავტონომიური ელექტრომობილების წარმოება 2024 წლიდან დაიწყება ჯორჯიის შტატში.

Apple Car კონკურენციას არ გაუწევს ტრადიციულ ავტომობილებს, რადგან ის სრულად ავტონომიური იქნება და მას მძღოლიც არ დასჭირდება.

ანალიტიკოსების აზრით, ისეთ კონკურენტულ ბაზარზე შესვლა, როგორიც ელექტრომობილებია, ძნელია და ამისათვის Apple-ს ინოვაციური პროდუქტის წარდგენა დასჭირდება. ამ შემთხვევაში, ინოვაციად ავტონომიური შესაძლებლობები იგულისხმება.

არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თვითმართვადი მანქანისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფისა თუ დეტალების დამზადება კომპანია Apple-ს დამოუკიდებლად შეუძლია და Apple Car არ იქნება Kia-ს პრემიუმ ვერსია, Apple-ის მულტიმედიითა და ლოგოებით გაფორმებული.

კომპანიების წარმომადგენელთა აზრით, თანამშრომლობა სასარგებლო იქნება ორივე მხარისათვის, ერთი მხრივ, Apple-ი მიიღებს მრავალწლიან გამოცდილებას ავტოწარმოების შესახებ, Hyundai-Kia-ს კი Apple-ის ტექნოლოგიებით სარგებლობის შესაძლებლობა გაუჩნდება.

ავტონომიურ ელექტრომობილების შექმნაზე მუშაობენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: Tesla, BMW, Mercedes-Benz, Ford და Toyota.

არსებული ცნობებით, Apple-ის გადაწყვეტილება ჯერ არ არის საბოლოოდ დამტკიცებული და მან, შესაძლოა, პარტნიორობა სხვა ავტომწარმოებელთან გადაწყვიტოს. ასევე, ჯერჯერობით უცნობია, Apple Car-ის დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები.

კომენტარები