ავტო

Daimler AG ორად გაიყოფა და სახელს Mercedes-Benz-ად შეიცვლის

ფოტო: europost.eu 

2021 წლის ბოლოსთვის უდიდესი გერმანული კონცერნი, Daimler AG, სახელს Mercedes-Benz-ად შეიცვლის. გარდა ამისა, ის ორ დამოუკიდებელ ნაწილად გაიყოფა, კერძოდ, მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელ Mercedes-Benz-ად და სატვირთო მანქანების მწარმოებელ Daimler Truck-ად.

Mercedes-Benz-ის აღმასრუელებლი დირექტორის, ოლა კალენიუსის თქმით, Daimler Truck და Mercedes-Benz ორი ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ნაწილია და მათი ტექნოლოგიები, მომხმარებლები და ბიზნესმოდელებიც კი განსხვავებულია.

“ჩვენ გვჯერა, რომ ისინი შეძლებენ ყველაზე ეფექტიანად მოქმედებას, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტებს“. – ამბობს კალენიუსი.

ანალიტიკოსების აზრით, Daimler-ის ეს ქმედება გამოწვეულია Mercedes-Benz-ის ელექტრიფიკაციის გეგმით.
Mercedes-Benz მიზნად ისახავს წარმოების ელექტრომანქანებზე სრულად გადართვას, ხოლო სატვირთო მანქანების ელექტრიფიკაციაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია. სწორედ ამიტომ, Daimler-მა დააცილა ერთმანეთს ორი ფუნდამენტურად განსხვავებული წარმოება.

Daimler-ში ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი დადებითად აისახება კონცერნის აქციონერებისა და თანამშრომლების მდგომარეობაზე.

2019 წელს სატვირთო მანქანების წარმოებიდან შემოსავალმა 40.2 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც კონცერნის სრული წლიური შემოსავლის თითქმის მეოთხედია.
კომპანიაში გეგმავენ, რომ Daimler Truck-ისა და Mercedes-Benz-ის აქციები ცალ-ცალკე წარმოადგინონ.  

კონცერნის ისტორია 1883 წლიდან იწყება და მან სახელები არაერთხელ შეიცვალა, მათ შორისაა: Benz & Cie, Daimler Motoren Gesellschaft, Daimler-Benz, DaimlerChrysler და Daimler AG.

კომენტარები