გაერთიანებული სამეფო-ჩინეთი

ბრიტანეთში ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიას ლიცენზია გაუუქმეს

CCTV-ს სათაო ოფისი 
Al Arabya

4 თებერვალს ბრიტანეთში ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო ტელევიზიას China Global Television Network (CGTN)-ს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმეს. 

CGTN არის ჩინეთის გლობალური ტელევიზიის ქსელი, ინგლისურენოვანი ახალი ამბების არხი, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს. 

გაერთიანებული სამეფოს მაუწყებელობის მარეგულირებელმა Ofcom-მა დაასკვნა, რომ ბრიტანეთში CGTN-ის ლიცენზიის მფლობელი Star China Media Limited, იყო CGTN-ის სერვისის დისტრიბუტორი, არა პროვაიდერი და, შედეგად, მისი ლიცენზია არაკანონიერი იყო.

ეს არის დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კანონების დარღვევა, რომლის თანახმადაც, მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს უნდა ჰქონდეთ კონტროლი ლიცენზირებულ მომსახურებაზე, მათ შორის, სარედაქციო ზედამხედველობაზე.

მას შემდეგ, რაც Ofcom-მა გამოძიება დაიწყო, ჩინეთის სახელმწიფო ორგანიზაცია China Global Television Network Corp. (CGTNC)-მა, რომელიც აკონტროლებს CGTN-სSCML-ს ლიცენზიის საკუთარ თავზე გადასაფორმებლად მიმართა. თუმცა, Ofcom-მა ეს უარყო, რადგან CGTNC "კონტროლდება ორგანოს მიერ, რომელსაც საბოლოოდ აკონტროლებს ჩინეთის კომუნისტური პარტია" და დიდ ბრიტანეთში მაუწყებლობის შესახებ კანონების თანახმად, ლიცენზიის მფლობელებს არ შეიძლება პოლიტიკური ორგანოები აკონტროლებდნენ.

"ჩვენი გამოძიების განმავლობაში CGTN-სგან მოწერილი წერილით ნათლად ჩანს, რომ CGTNC კონტროლდება CCTV-ის [ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის] მიერ, რომელიც ასევე არის CGTNC ერთადერთი აქციონერი" - ნათქვამია Ofcom-ში.

მარეგულირებელმა თქვა, რომ CGTN-ს მისცა "საკმარისი დრო, რომ კანონით დადგენილ წესების შესაბამისი ყოფილიყო", მაგრამ ეს დრო ამოიწურა.

ჩინეთის საგარეო სამინისტრო აცხადებს, რომ ჩინეთი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და დაჟინებით მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, შეცდომა გამოასწოროს. სამინისტროს სპიკერის თქმით, ჩინეთი უფლებას იტოვებს, გააკეთოს ის, რაც საჭიროა. 

ჩინეთი მედიათავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილზეა და უსწრებს მხოლოდ ერიტრეას, ჩრდილოეთ კორეასა და თურქმენეთს. 2019 წლის სექტემბერში ჩინეთში გამოაცხადეს, რომ ჩინეთში პრესბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო.

კომენტარები