ალექსეი ნავალნის საქმე

გერმანია ნავალნის გამო რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

მას შემდეგ, რაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯეს და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას ვერ გამორიცხავენ.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ განაჩენი კანონის უზენაესობის ნებისმიერი სტანდარტებისგან შორსაა და მან მოითხოვა, რომ რუსეთში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა დასრულდეს.

კითხვაზე, გერმანია ფიქრობდა თუ არა ახალი სანქციების დაწესებას, მერკელის სპიკერმა, სტეფენ საიბერტმა, თქვა, რომ ევროკავშირმა უკვე დაუწესა სანქციები მოსკოვს ნავალნის ნერვული აგენტით მოწამვლის გამო - "დამატებითი სანქციები არ არის გამორიცხული". მისი თქმით, ბერლინი შემდეგ ნაბიჯებს ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავს. 

ლიტვა და ლატვია ევროკავშირს ნავალნის დაპატიმრების გამო რუსეთზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

მოსკოვის საოლქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნავალნის თანამოაზრეებმა ოპოზიციონერის მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდეს. პოლიციამ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში 1 012 ადამიანი დააკავა.

სასამართლო განიხილავდა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას, რათა ნავალნის პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეეცვალა. სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას ასევე მხარს უჭერდა რუსეთის გენერალური პროკურატურა.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

საგულისხმოა, რომ ოქტომბერში კანცლერის სპიკერმა მიმდინარე თქვა, რომ მერკელი ნავალნის მოწამვლის გამო გაზსადენ Nordstream 2-ზე სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ, თუ რუსეთი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, გერმანიას მოუწევს, გადახედოს გაზსადენ Nord Stream 2-ის პროექტს.

21 იანვარს ევროპარლამენტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, დაპატიმრებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 581-მა პარლამენტარმა დაუჭირა. დოკუმენტში ნავალნი პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ არის მოხსენიებული. ევროპარლამენტი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები