ალექსეი ნავალნის საქმე

ლიტვა და ლატვია ევროკავშირს ნავალნის გამო რუსეთზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

ალექსეი ნავალნი
Reuters

ლიტვა და ლატვია ევროკავშირს ნავალნის დაპატიმრების გამო რუსეთზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

"ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგი ახლა მხოლოდ სანქციების ენით არის შესაძლებელი". – თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მისივე თქმით, თუ კავშირი არ იჩქარებს, ლიტვა ეროვნული სანქციების დაწესებას განიხილავს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგას რინევიჩსმა, Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დააწესოს. 

"ევროპის საბჭომ უნდა იმოქმედეს, რადგან ეს არის ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევა". – წერს ის. 

მან ნავალნის დაუყოვნებლივ გამოშვება მოითხოვა. ის განჩინებას შემზარავ ცინიზმს და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებებისა და კანონის უზენაესობის სრულ უგულებელყოფას უწოდებს. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, რუსეთს მოუწოდებს, ნავალნი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. 


2 თებერვალს  ალექსეი ნავალნის, 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

დღეს მოსკოვის საქალაქო სასამართლო ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით განიხილავდა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას, რათა ნავალნის პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეეცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას ასევე მხარს უჭერდა რუსეთის გენერალური პროკურატურა.

ნავალნის თანამოაზრეებმა ოპოზიციონერის მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდეს.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

კომენტარები