ალექსეი ნავალნის საქმე

ბორელი რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას გამოეხმაურა.

"ალექსეი ნავალნის განაჩენი ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს კანონის უზენაესობასა და ძირითად თავისუფლებებზე. ეს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენს, რომელმაც ეს საქმე თვითნებურად და უსაფუძვლოდ მიიჩნია. [რუსეთს] მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებ". –წერს ბორელი Twitter-ზე.

მან რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მას შემდეგაც მოუწოდა, რაც რუსეთში ახლადდაბრულებული ნავალნი 17 იანვარს დააკავეს. "სასამართლო სისტემის პოლიტიზება დაუშვებელია." – წერდა ბორელი.


2 თებერვალს  ალექსეი ნავალნის, 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

დღეს მოსკოვის საქალაქო სასამართლო ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით განიხილავდა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას, რათა ნავალნის პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეეცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას ასევე მხარს უჭერდა რუსეთის გენერალური პროკურატურა.

ნავალნის თანამოაზრეებმა ოპოზიციონერის მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდეს.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

კომენტარები