კორონავირუსი საქართველოში

ტრანსპორტი კარანტინში გადასაყვანად - ტურიზმის ადმინისტრაცია 2.5 მლნ-ზე მეტს დახარჯავს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი
facebook.com/AirportsGeorgia

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მგზავრების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანისთვის ტურიზის ადმინისტრაცია სატრანსპორტო მომსახურებას ყიდულობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 514 314 ლარია.

"მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტირება 24/7 საათის განმავლობაში და აუცილებელია მუდმივად მობილიზებული შესაბამისი ტრანსპორტი შემსყიდველის მიერ მოთხოვნლ ლოკაციებზე. ასევე, სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, სედანი და მირკოავტობუსი არანაკლებ 2008 წლის გამოშვება და ზევით, ხოლო ავტობუსი არანაკლებ 2005 წელის გამოშვება და ზევით" - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტურიზმის ადმინისტრაცია ითხოვს:

  • თითოეული მგზავრი ტრანსპორტში განთავსებული უნდა იყოს ჭადრაკისებულად, რაც დიდი ავტოპარკის მობილიზებას მოითხოვს, რადგან არის ათობით და ასობით მოქალაქის შემოსვლის შემთხვევები საჰაერო თუ სახმელეთო გზით;
  • ყოველი ტრანსფერის დასრულებისას უნდა მოხდეს ტრანსპორტის სტერილიზაცია/დეზინფექცია, ასევე მძღოლთა შესაბამისი აღჭურვა (ხელთათმანი, პირბადე, კომბინეზონი და ყველა საჭირო სანიტარიული აღჭურვილობით უზრუნველყოფილი);
  • ტრანსპორტში აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი 1 ბოთლი წყალი თითოეულ მგზავრზე;
  •  ჩვენი მუშაობა მიმდინარეობს 24 საათის მანძილზე კვირაში 7 დღეს, რადგან დაგეგმილი ჩარტერული რეისების გარდა სახმელეთო გზით დაუგეგმავი შემოსვლები ძალიან ბევრია. სატრანსპორტო კომპანია მზად უნდა იყოს ნებისმიერ დროს საჭირო რაოდენობის ტრანსპორტის მობილიზებისთვის, ყველა ლოკაციაზე;
  • მნიშვნელოვანია 24-საათიანი კომუნიკაცია, შესაბამისად, ორგანიზაციის, მინიმუმ, 2 წარმომადგენელი მაინც უნდა იყოს გამოყოფილი საკონტაქტოდ საჭირო ტრანსპორტის მყისიერად მობილიზებისთვის, რადგან ერთთან თუ ვერ მოხდა დაკავშირება, მეორე იყოს თადარიგში;
  • სხვადასხვა (ჩვენგან დამოუკიდებელი) მიზეზების გამო მგზავრთა დიდი ნაწილი შეშინებული, დაძაბული და ხშირ შემთხვევაში გაღიზიანებულიც არის, რაც დიდი წნეხი ხდება მძღოლისთვის და რთულია სამართავად; მძღოლების ქმედებები სრულად უნდა კონტროლდებოდეს ორგანიზაციის მიერ. ასევე, თითოეული მათგანი უნდა ემოჩილებოდეს გაწერილ პროტოკოლსა და შემსყიდველის წარმომადგენლის მითითებებს;
  • გაღიზიანებული მგზავრების უმართავი ქმედების დროს ტრანსპორტ(ის)ში დაზიანებული ნივთი (სავარძელი, სავარძელის სახელური, მონიტორი ან/და სხვა ნებისმიერი დეტალი) ვერ ანაზღაურდება შემსყიდველის მიერ.

ადგილები, საიდანაც კომპანიებმა მგზავრები "მოთხოვნის შესაბამისად", საკარანტინე სივრცეების მიმართულებით უნდა გადაიყვანონ:

  • თბილისის აეროპორტი
  • ქუთაისის აეროპორტი
  • ბათუმის აეროპორტი
  • წითელი ხიდის სასაზღვრო პუნქტი
  • სადახლოს სასაზღვრო პუნქტი
  • ლარსის სასაზღვრო პუნქტი
  • სარფის სასაზღვრო პუნქტი

გარდა ამისა, მომსახურება შეეხება Covid-სასტუმროებიდან/მდე ტრანსპორტირებას. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:

  • დადასტურებული კოვიდ ინფიცირებულის გადაყვანა საცხოვრებელი მისამართიდან კოვიდ სასტუმროში ან ჰოსპიტალში
  • კოვიდ ინფიცირებულის კონტაქტის გადაყვანა კოვიდსასტუმროში
  • გამოჯანმრთელებული კოვიდ პაციენტის გადაყვანა სახლში საქართველოს მასშტაბით
  • შედარებით მარტივი სიმპტომების მქონე პაციენტების კლინიკიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა
  • ტესტირებისთვის გადაყვანა კოვიდ სასტუმროდან კლინიკაში

აღსანიშნავია, რომ პირველი თებერვლიდან საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში შემოსვლის წესი შეცვალა. კერძოდ, ქვეყანაში შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ექნება და მესამე დღესაც განმეორებით, საკუთარი ხარჯით ჩაიტარებენ, თვითიზოლაციის ვალდებულება ეხსნებათ. ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, ვისაც ტესტის პასუხი არ ექნება,  12 დღის ნაცვლად 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ. ეს არ ეხება დიდი ბრიტანეთიდან შემოსულ მგზავრებს, მათ სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ.

რაც შეეხება უცხოელებს, ყველა ადამიანი, ვისაც კორონავირუსის სრული ვაქცინა ექნება გაკეთებული, უპირობოდ შემოვა ქვეყანაში. ხოლო ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლიდან მე-3 დღეს, ჩაიტარონ PCR ტესტი.

კომენტარები