განზრახ მკვლელობის მცდელობა

შსს: მარტვილში დავაკავეთ კაცი, რომელმაც დედა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ო.ბ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მარტვილში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა საკუთარ დედას - 1970 წელს დაბადებულ რ.თ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. ო.ბ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები