Glovo

EMC: სოლიდარობას ვუცხადებთ Glovo-ს კურიერებს, შრომის ინსპექციას მოვუწოდებთ, შეამოწმოს კომპანია

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სოლიდარობას უცხადებს Glovo-ს კურიერებს და შრომის ინსპექციას მოუწოდებს, კომპანია შეამოწმოს. 

გუშინ, 29 იანვარს, Glovo-ს კურიერებმა შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით კომპანიის ოფისთან აქცია გამართეს. როგორც ისინი ამბობენ, კომპანიამ კონტრაქტის მიხედვით განსაზღვრული ტარიფები თვითნებურად შეცვალა და მათი მოთხოვნა სწორედ ამ ძველი ტარიფის დაბრუნებაა. გარდა ამისა, ისინი ბონუს სისტემის შეცვლას და გამარტივებას, მათ მიმართ დამოკიდებულების შეცვლასაც ითხოვენ. 

"კურიერების ინფორმაციით, ყოველ გამოძახებაზე ფიქსირებული ანაზღაურება 2 ლარს შეადგენს, რასაც თითოეულ კილომეტრზე ემატება 25 თეთრი. ეს ტარიფი პანდემიის დაწყებამდე ორჯერ მეტი იყო. შრომის ანაზღაურების წესი ასევე ითვალისწინებს ბონუსურ სისტემას. იმისთვის რომ კურიერმა შეძლოს ბონუსის მიღება, მან კვირაში 180 შეკვეთა უნდა შეასრულოს, რაც დღეში 30 შეკვეთის შესრულებას ნიშნავს, ეს კი კურიერების თქმით "ფიზიკურად შეუძლებელია." გამომუშავებაზე და ბონუსის მიღების ამგვარ წესზე დამოკიდებული ანაზღაურების სისტემის გამო, ისინი იძულებული არიან სწრაფად შეასრულონ შეკვეთები, რაც მათ ჯანმრთელობას და საგზაო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და არაერთხელ გამხდარა კურიერების ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი. სწრაფი და საფრთხის შემცველი გადაადგილების საჭიროებას დამატებით აჩენს რესტორნებთან შეკვეთის მიღებისას ლოდინის დიდი დრო, რაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ამცირებს შეკვეთების რაოდენობას და მათ გამომუშავებას". - წერია განცხადებაში.

EMC-ს ინფორმაციით, კურიერების ნაწილი ამბობს, რომ ფეხის ქირას კომპანია ითვისებს, ასევე, აქვთ ცუდ ამინდში განსაზღვრული ბონუსის ჩარიცხვის პრობლემა, მომხმარებლის მიზეზით შეკვეთის გაუქმების დროს ანაზღაურებას ვერ იღებენ და ა.შ.

"ამასთან, კომპანია კურიერებთან შრომითი ხელშეკრულების ნაცვლად მომსახურების ხელშეკრულებას აფორმებს და, შესაბამისად, არ იღებს მათი შრომითი უფლებების დაცვის ვალდებულებას. მიგვაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების პრაქტიკის მიუხედავად, გლოვოს კურიერები რეალურად დასაქმებულები არიან და მათზე სრულად უნდა გავრცელდეს კანონმდებლობით დასაქმებულებისთვის გათვალისწინებული შრომითი გარანტიები მათ შორის, შრომის ინსპექციის მანდატი, რასაც ანალოგიურად განმარტავს საერთაშორისო პრაქტიკა.

მიტანის სერვისში დასაქმებული ადამიანები პანდემიის დროს საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ. კომპანია მათ საჯარო განცხადებებში „სუპერგმირებად“ მოიხსენიებს, თუმცა, საკვანძოდ მნიშვნელოვანი შრომის სათანადო ანაზღაურების და დაფასების ნაცვლად, პანდემიის დროს აუარესებს შრომის პირობებს და ზრდის მათი ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს. მნიშვნელოვანია, კომპანიამ დროულად შეასრულოს კურიერების სამართლიანი მოთხოვნები, აღმოფხვრას კომპანიაში არსებული უკანონო პრაქტიკები და დაუყონებლივ უზრუნველყოს დასაქმებულების სამუშაო პირობების გაუმჯობესება". - წერია განცხადებაში. 

EMC-ის განცხადებით, მზად არიან, Glovo-ს კურიერებს შრომითი უფლებების დაცვის პროცესში დაეხმარონ.  

"ამასთან, მოვუწოდებთ შრომის ინსპექციის სამსახურს საკუთარი ინიციატივით დაუყოვნებლივ განახორციელოს კომპანია გლოვოში არსებული სამუშაო პირობების ინსპექტირება, შეისწავლოს კომპანიაში შრომის უფლებების დარღვევების შესაძლო ფაქტები და მიიღოს სათანადო ზომები შრომის კანონმდებლობასთან შეუთავსებელი პრაქტიკების აღმოსაფხვრელად". - წერია განცხადებაში.

კომენტარები