რუსეთი

The Insider: ნავალნის მოწამვლაში მონაწილე FSB-ს ოფიცრები 3 მკვლელობაში ფიგურირებენ

რუსული დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა The Insider მორიგ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის რუსული ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამვლაში სავარაუდო მონაწილეები წლების წინ ასევე მონაწილეობდნენ, სულ მცირე, 3 მკვლელობაში.

The Insider-მა დეკემბერში CNN-თან, Der Spiegel-თან და Bellingcat-თან ერთად დაასახელა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (FSB) თანამშრომლები, რომლებიც ალექსეი ნავალნის უთვალთვალებდნენ და მისი მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდნენ.

მათი გადაადგილების მონაცემებზე დაყრდნობით კი წერენ, რომ წარსულში იგივე ჯგუფი მონაწილეობდა ჟურნალისტ ტიმურ კუაშევის, აქტივისტ რუსლან მაგომედრაგიმოვის და პოლიტიკოს ნიკიტა ისაევის მკვლელობებში.

"მოგზაურობებში დამთხვევები შეუძლებელს ხდის ეჭვის შეტანას იმაში, რომ მომწამვლელთა ეს ჯგუფი ჩართული იყო ამ საქმეებში". - წერს The Insider.

26 წლის ტიმურ კუაშევი 2014 წლის ივლისში ყაბარდო-ბალყარეთში გაუჩინარდა, მოგვიანებით კი მის სახლთან ახლოს, ტყეში მოკლული იპოვეს. სიკვდილამდე ის აცხადებდა, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ ოპოზიციური აქტივობების და კრიტიკის გამო. მისი ოჯახი აპროტესტებს სამედიცინო დასკვნას, რომლის მიხედვითაც გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. ოჯახის მტკიცებით სამედიცინო შემოწმებისას იპოვეს ნანემსარი. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

The Insider-ის მიხედვით კონსტანტინ კუდრიავცევი, რომელსაც ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ნავალნიმ თავად დაურეკა და მოტყუებით მისგან აღიარებითი ჩვენებაც მიიღო, 2014 წლის 13 ივლისს კუაშევის მშობლიურ ქალაქ ნალჩიკში ჩავიდა. გამოცემის ინფორმაციით მომდევნო დღეებში მიმდებარე აეროპორტებში ჩავიდნენ FSB-ს სხვა თანამშრომლებიც: ივან ოსიპოვი, დენის მაჩკინი და რომან მატიუშინი. ისინი მოსკოვში 31 ივლისს და პირველ აგვისტოს დაბრუნდნენ. სწორედ ამ დღეს აღმოაჩინეს კუშაევის ცხედარი.

რაც შეეხება რუსლან მაგომედრაგიმოვს, ის სამოქალაქო მოძრაობა "ერთობის" აქტივისტი იყო და 2015 წლის 24 მარტს 45 წლის ასაკში დაღესტანში, მაჰაჩყალასთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად გაგუდვა დასახელდა, თუმცა ოჯახი ირწმუნება, რომ ცხედარს ორი ნანემსარი ემჩნეოდა.

The Insder-ის მიხედვით ოსიპოვი 2015 წლის იანვარში მაჰაჩყალაში ორჯერ ჩავიდა. კუდრიავცევი იქ იმყოფებოდა 11 მარტდან 16 მარტამდე, ოსიპოვი მაჰაჩყალასთან ახლოს, ვლადიკავკაზში ჩაფრინდა 20 მარტს, მოსკოვში კი 26 მარტს დაბრუნდა. გამოცემა გამოძიებაში წერს, რომ ამ შემთხვევაში ვერ გამოირიცხება უბრალო დამთხვევის ალბათობა, რადგან ოსიპოვი მაჰაჩყალაში წარსულშიც არაერთხელ ჩასულა.

მოძრაობა "ახალი რუსეთის" ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკიტა ისაევი 2019 წლის 16 ნოემბერს ტამბოვიდან მოსკოვში მიმავალ მატარებელში გარდაიცვალა. ის 41 წლის იყო. ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. მისი ცხედრის კრემაცია სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებამდე მოხდა.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით FSB-ს აგენტები ისაევს 2018 წლიდან უთვალთვალებდნენ. მათ შორის ორი ოსიპოვი და ალექსეი ალექსანდროვი იყვნენ, რომლებიც მოგვიანებით ნავალნის უთვალთვალებდნენ. ამ შემთხვევაში გამოცემა წერს, რომ ისაევი კრემლის მიმართ წინააღმდეგობით არ გამოირჩეოდა და უცხოეთში მისი ვიზიტები აჩენდა ვარაუდს, რომ რუსეთის დაზვერვისთვის მუშაობდა. გამოცემაში ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, სწორედ მისმა ნაბიჯებმა ამ მიმართულებით გააჩინა ისაევის მხრიდან ღალატის ეჭვი, რის გამოც ის მოკლეს, თუმცა ამ თეორიის დამამტკიცებელი საბუთები გამოცემას არ აქვს.


14 დეკემბერს Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც The Insider-ი, CNN-ი, Der Spiegel და El Pais-ი მონაწილეობდნენ. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (FSB-ს) სპეციალური ქვედანაყოფი წლების მანძილზე უთვალთვალებდა ნავალნის და სწორედ FSB-ა პასუხისმგებელი ტომსკში ნავალნის მოწამვლაზე. იმავე დღეს თავის YouTube-არხზე ნავალნიმაც გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტურ გამოძიებაზე საუბრობს. ნავალნის თანახმად, ის გამოძიებას ბოლო ეტაპზე შეუერთდა და მოწამვლის საქმე ძირითადად კრისტო გროზევმა გამოიძია.

ჟურნალისტურ გამოძიებაზე და კუდრიავცევთან ნავალნის ზარზე ვრცლად წაიკითხეთ აქ: როგორ გამოიძია ალექსეი ნავალნიმ საკუთარი მკვლელობის მცდელობა

კომენტარები