კორუფცია

რთველის სუბსიდია და მილიონები უჩა მამაცაშვილის პარტნიორს - სტუდია მონიტორის გამოძიება

განახლდა:

სახელმწიფო რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან მილიონობით ლარს ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრისა და ნათესავის, უჩა მამაცაშვილს ბიზნეს პარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია იღებს. ამის შესახებ სტუდია მონიტორის გამოძიებიდან ხდება ცნობილი, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის მომზადდა. 

როგორც ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი, მთავრობა რთველს 2008 წლიდან ასუბსიდირებს. ამის საჭიროება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც რუსეთმა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციას ემბარგო დაუწესა. ამის შემდეგ, 2018 წლამდე მთავრობა სუბსიდირებას პირდაპირი წესით ახდენდა, ხოლო ამ პერიოდიდან მთავრობამ სუბსიდირების განსხვავებული წესი დანერგა, რომელიც ნარჩენი, ჭარბი ყურძნის არაპირდაპირ სუბსიდირებას ითვალისწინებს. 

2020 წელს რთველის სუბსიდირების პროგრამაში სულ 30 კომპანია მონაწილეობდა, აქედან 17 ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია. როგორც გამოძიებაშია ნათქვამი, ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც სუბსიდირების მეშვეობით სახელმწიფოსგან 3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, დუგლაძის ღვინის კომპანია  და კოტეხი გურჯაანის ღვინის ქარხანაა. ორივე კომპანიაში მეწილე ქართული ოცნების დეპუტატი, ზაალ დუგლაძე და ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალეკო ივანიშვილია. 

სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობისთვის სახელმწიფომ კომპანიებს ბარიერები დაუწესა, საქმე ისაა, რომ პროგრამაში ჩასართავად საწარმოს მინიმუმ 1 000 ტონა რქაწითელი ან კახური მწვანე ყურძენი უნდა ჩაებარებინა. ამ ბარიერის გამო სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში ვერ ჩაერთო ათეულობით საშუალო ზომისა და მცირე კომპანია და მასში მონაწილეობა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს შეეძლოთ. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულმა ბარიერმა შეზღუდა კონკურენცია და რამაც უარყოფითი გავლენა იქონია ყურძნის ფასზე. 

საკითხის კომენტირებისას ღვინის სააგენტოს დირექტორმა, ლევან მეხუზლამ სტუდია მონიტორს განუცხადა, რომ აღნიშნული სქემა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, რათა ყურძენი არ დარჩენილიყო დაუბინავებელი და მაქსიმალურად მომხდარიყო ყურძნის ჩაბარება. 

ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც სახელმწიფო სუბსიდირების სქემაში ჩაერთო შპს გრუზვინპრომია. თავის მხრივ, გრუზვინპრომი 2015 წლამდე სახელმწიფო კომპანია იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ქართუ ბანკის მიმართ დაგროვილი დავალიანების გამო სახელმწიფომ კომპანია აუქციონზე გაყიდა. გრუზვინპრომი კომპანია ბოლერომ  33 მილიონ ლარად შეიძინა. აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კი ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილია, რომელიც, თავის მხრივ, უჩა მამაცაშვილთან ერთად ფლობს ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანიას, GWP WINES AND SPIRITS LIMITED. 

ვახტანგ კარიჭაშვილთან დაკავშირებული რამდენიმე კომპანია სახელმწიფო სუბსიდირების სხვა სქემაშიც მოხვდა. კახეთში მოწეული ყურძნის მოსავლის ერთი ნაწილი ღვინის მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიებმა ჩაიბარეს, ხოლო დანარჩენ მოსავალს ე.წ. ჭარბ ყურძენს გლეხებისგან სახელმწიფო კომპანია აკურა იბარებს. შესყიდული ე.წ. ჭარბი ყურძნის ნაწილს აკურა თავად ამუშავებს, თუმცა არასაკმარისი სიმძლავრის გამო იძულებულია გადამუშავებისთვის სხვა ქარხნები დაიქირავოს.

2020 წელს სახელმწიფო კომპანია აკურამ ყურძნის გადამუშავებისთვის ყველაზე მსხვილი კონტრაქტები სწორედ უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორთან, ვახტანგ კარიჭაშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს გაუფორმა. მხოლოდ 2020 წელს აკურამ კარიჭაშვილის კუთვნილ გრუზვინპრომს 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. კიდევ 7 მილიონ ლარზე მეტის კონტრაქტი მიიღო კარიჭაშვილის კუთვნილმა კიდევ ერთმა კომპანიამ, უნივერსალ სპირიტსმა. ჯამში, 2015 წლიდან დღემდე კარიჭაშვილის კუთვნილმა მხოლოდ ამ ორმა კომპანიამ სახელმწიფოსგან თითქმის 18 მილიონი ლარი მიიღო. 

ყურძნის გადამუშავების გარდა სახელმწიფო კომპანია აკურა პერიოდულად ქირაობს სხვადასხვა კომპანიებს ღვინის მასალის ტრანსპორტირებისა და სხვა სერვისებისთვის. გასულ წელს აკურამ ღვინო მასალის ტრანსპორტირება შპს როქ ლოჯისტიკს დაუკვეთა, მომსახურებაში სახელმწიფომ 1.5 მილიონი ლარი გადაიხადა. თავის მხრივ, როქ ლოჯისტიკი ბიზნესმენ ლერი რაზმაძეს ეკუთვნის, რომელიც პარალელურად კარიჭაშვილის კიდევ ერთ კომპანიაში GVMT Group-ში დირექტორის პოსტს იკავებს. 

სახელმწიფოს მიერ გამოხდილი სპირტი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად 

კახეთში გლეხებისგან შეძენილი ყურძნით სახელმწიფო კომპანია აკურა სპირტს ხდის, რომელსაც მოგვიანებით აუქციონებზე ყიდის.  2017 წლიდან აკურას სპირტის გასაყიდ ელექტრონულ აუქციონებზე სპირტის მსხვილი ლოტები გამოაქვს, რომლებიც 50 000-დან 1 მილიონ ლიტრ სპირტამდე მერყეობს. ლოტის სიმსხვილის გამო აუქციონში მონაწილეობას კვლავ ვერ ახერხებენ შედარებით პატარა კომპანიები, რის გამოც კონკურენცია კვლავაც შეზღუდულია. უკვე ხელმეორე აუქციონზე კომპანიას კვლავ მსხვილი ლოტები ოღონდ უკვე მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გამოაქვს. 

მაგალითად, 2020 წელს ერთ-ერთ აუქციონზე აკურამ გასაყიდად 500 000 ლიტრი სპირტი გამოიტანა, რომლის მინიმალური ფასი 2.7 მილიონი ლარი იყო. აღნიშნული ლოტი, მინიმალური ბიუჯეის გათვალისწინებით, 2 705 400 ლარად გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აუქციონზე არანაირი ვაჭრობა არ ყოფილა. 

ყურძნის სპირტი, რომელსაც სახელმწიფო კომპანია აკურა ხდის, ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმლის ბრენდის [კონიაკის] დასამზადებლად გამოიყენება და აღნიშნული პროდუქტი დიდი მოთხოვნით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. სფეროს სპეციალისტების შეფასებით, ამგვარი 1 ლიტრი სპირტის დამზადება 10 ლარზე მეტი ჯდება. სპირტის საექსპორტო ღირებულება გასულ წელს საშუალოდ 10 ლარს შეადგენდა, თუმცა გადასახადების გარეშე. სავარაუდოა, რომ გასახადების ჩათვლით აღნიშნული თანხა მნიშვნელოვნად მატულობს. 

2020 წელს აკურამ 600 000 ლიტრი ყურძნის სპირტი ლიტრი 9 ლარად გაყიდა. კიდევ უფრო დაბალი იყო სახელმწიფო კომპანიის მიერ გადამუშავებული უფრო მსხვილი ლოტის, 6.5 მილიონი ლიტრი სპირტის ფასი და 1 ლიტრზე 5.4 ლარს შეადგენდა. ამგვარად, გამოდის, რომ სახელმწიფო კომპანია ყურძნის სპირტს თვითღირებულებაზე თითქმის ორჯერ უფრო იაფად ყიდის. 

როგორც გამოძიებაშია ნათქვამი, აკურასგან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყურძნის სპირტის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი კარიჭაშვილის საკუთრებაში არსებული გრუზვინპრომია. აღნიშნულ ინფორმაციას სტუდია მონიტორთან საუბარში ადასტურებს გრუზვინპრომის დირექტორი, მამუკა ფოთოლაშვილი, თუმცა ის არ ასახელებს კონკრეტულ რაოდენობებს. 

თავის მხრივ საინტერესოა ისიც, რომ სახელმწიფო კომპანია აკურა სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალ სოფლის განვითარების სააგენტოს ექვემდებარება. თავის მხრივ, 2015 წლიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტს, იური ნოზაძე იკავებს, რომელიც უჩა მამაცაშვილის სიძეა. სტუდია მონიტორთან საუბარში იური ნოზაძე ამბობს, რომ "ნულია იმის შანსი, რომ აკურამ სპირტი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდოს."

მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფოს ფულით დამუშავებულ სპირტს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად და საზღვარგარეთ უპრობლემოდ და ორჯერ უფრო ძვირად ყიდიან, კერძო კომპანიებს ექსპორტზე საკუთარი სპირტის გატანაც არ შეუძლიათ. საქმე კომპანია იბერიკა სპირიტს ეხება, კომპანია საქართველოში რამდენიმე წელია, საქმიანობს და ქართული ღვინო და სპირტი ექსპორტზე საფრანგეთსა და ესპანეთში გააქვს. 

კომპანიას პრობლემები 2019 წლიდან მას შემდეგ შეექმნა, რაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კომპანიის მიერ წარმოებული სპირტი არ დაარეგისტრირა, ამიტომ კომპანიამ პროდუქცია ექსპორტზე ვეღარ გაიტანა. კომპანიის იურისტი, გიორგი ჟამუტაშვილი ამბობს, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო არ ასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს, რის გამოც გასულ წელს კომპანიამ საქართველოში ინვესტირება გადაიფიქრა. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მხოლოდ ამ გაუგებარი შეზღუდვის გამო საქართველომ 8 მილიონ ლარამდე ინვესტიცია დაკარგა. 

კომპანიაში ამბობენ, რომ ბარიერებს ხელოვნურად უქმნიან. მათ შესაბამისი განცხადებით საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფო უწყებას აცნობეს, თუმცა მათ მიმართვაზე სახელმწიფოს, ჯერჯერობით, არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. 

როგორც გამოძიების დასკვნით ნაწილშია საუბარი,  2015 წლიდან დღემდე საქართველოდან ექსპორტიორი 15-დან 10 კომპანია ქართულ ოცნებასა და ვახტანგ კარიჭაშვილს უკავშირდება. 2018 წლიდან ყურძნის სპირტის ექსპორტს უკვე ნაცნობი გრუზვინპრომის, ბოლეროსა და უნივერსალ სპირიტსის გარდა, იწყებს კარიჭაშვილის კუთვნილი კიდევ რამდენიმე კომპანია, მათ შორის მილარა ინტერნეიშენალი. ამავე 2018 წელს ყურძნის სპირტი ექსპორტზე გაიტანა კომპანია თელავი დისტილერიმ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის შვილი, მიხეილ ჩხარტიშვილია. 

2016-2018 წლებში ყურძნის საკონიაკე სპირტი ექსპორტზე გაიტანა დუგლაძის ღვინის კომპანიამ, რომლის მფლობელებიც ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალეკო ივანიშვილი და ქართული ოცნების დეპუტატი, ზაალ დუგლაძე არიან.  2015 წლიდან სპირტის ექსპორტიორების სიაშია კომპანია ტიფლის დისტილერი, რომლის ერთ-ერთი მეწილე დავით თოფურიძეა. სხვადასხვა დროს თოფურიძე სახელმწიფო კომპანია აკურასა და კარიჭაშვილის კუთვნილ გრუზვინპრომში დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ამავდროულად, თოფურიძის კუთვნილი კომპანია ქართული ოცნების უმსხვილესი შემომწირველია. 

ყოველწლიურად ექსპორტზე ათეულობით მილიონი ლარის სპირტი გადის. მაგალითად, მხოლოდ  2020 წელს ექსპორტზე სულ 83 მილიონი ლარის ღირებულების სპირტი გავიდა. 

კომენტარები