დიდი ოდენობით ქრთამის აღება

დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის ბორჯომის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

huffingtonpost

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის იანვარში ბორჯომში მცხოვრები პირი დაუკავშირდა ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს და სთხოვა დახმარებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში მდებარე, საკომლო ჩანაწერით, მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში.

სუს-ში განმარტავენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ადგილმდებარეობა აღნიშნულ პირს არ აკმაყოფილებდა, შესთავაზა, მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ტურისტული მიზნებისათვის პერსპექტიულ ადგილას მოეხდინათ, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით შესთავაზა დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ნაწილის ან შესაბამისი ღირებულების ფულადი თანხის გადაცემა. ამ შეთავაზებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსანი დათანხმდა და დაპირდა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით უზრუნველყოფდა სოფელ ჭობისხევის რწმუნებულს, გაეცა მიწის ნაკვეთის იდენტურობის ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც მოხდებოდა 46 737 ლარის ღირებულების 10 000 მ2 ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკანონოდ რეგისტრაცია.

სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვერ მოახერხეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები