არმენოფობია

მეუფე დანიელი დეკანოზზე: ზოგან მას სურდა, სწორი პოზიცია გამოეხატა და არასწორად გამოთქვა

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი დეკანოზ თადეოზ სარალიძის განცხადებებზე ამბობს, რომ "ზოგიერთ შემთხვევაში მას სურდა, სწორი პოზიცია გამოეხატა მაგრამ არასწორად გამოთქვა".

მეუფე დანიელის თქმით, დიდი დამსახურებისა და გამოცდილების მქონე სასულიერო პირებიც ცდებიან ქადაგებისას. 

"რასაკვირველია, ჩვენ ამას ძალიან გულისტკივილით აღვიქვამთ. ამას აღიქვამს გულისტკივილით მამა თადეოზიც. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანს 2 ათეულზე მეტი აქვს ძალიან დიდი სტაჟი სამღვდელო მოღვაწეობის და ჭიათურაში მას ძალიან დიდ პატივს სცემენ". – ამბობს მეუფე დანიელი. 

მეუფის თქმით, მისთვის უცნობი იყო, რომ დეკანოზი ქადაგებებს სოციალურ ქსელში დებდა - "ეს სიახლე იყო და როცა გავეცანი მე, ასე ვთქვათ, არ მოვუწონე და მე დარწმუნებული ვარ, იგი ამ საკითხს განიცდის და ეს არ განმეორდება". 

რაც შეეხება სასჯელს, მეუფე დანიელი ამბობს, რომ ეკლესია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ გახდება ცნობილი. 

"თვითონ ქადაგების შინაარსს რაც შეეხება, რომელიც რამდენიმე თემას ეხებოდა, ზოგიერთი თემა არ იყო განმარტებული, ისე როგორც ეს არის მისაღები. ეს არის არაკორექტული, მაგრამ მე მინდა, ერთი რამ ვთქვა, ზოგიერთ შემთხვევაში მას სურდა, სწორი პოზიცია გამოეხატა, მაგრამ არასწორად გამოთქვა ეკლესიის ზოგიერთი შეხედულება. ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ მოვლენაზე, ეკლესიამ სწორი შეფასება უნდა გააკეთოს. მან სცადა ამ სწორი შეფასების გაკეთება, მაგრამ ამ შეფასებისას იყო გარკვეული ხარვეზები". – ამბობს მეუფე დანიელი. 

დეკანოზმა თადეოზმა არმენოფობიური ქადაგება წარმოთქვა.  

"რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია. სომეხი ხომ არ ხარ? გაფუჭებული სომეხი რა ამბობს?! - რა გავცე, რის გავცეო". – თქვა მან.   

დეკანოზი თადეოზის არმენოფობიულ ქადაგებას თეოლოგი ბასილ კობახიძე გამოეხმაურა და დაწერა, რომ მის მიერ სომხების სიძულვილის თესვაზე პასუხისმგებელი მეუფე დანიელია, რადგან "არანაირი ზომა არ მიუღია მისი ეპარქიის ტაძრების ამბიონებიდან ამ შხამის გადმონთხევის აღსაკვეთად."

 

კომენტარები