NDI-ის კვლევა

რა არის მთავარი ეკონომიკური პრობლემები NDI-ის გამოკითხვის მიხედვით

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა (59%), ინფლაცია (45%), სიღარიბე (28%) და ლარის გაუფასურებაა (27%). მათ მოსდევს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები (14%), დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).

გამოკითხვის მიხედვით, უმუშევრობა ყველაზე მეტად სოფელსა (61%) და ქალაქში (62%) აწუხებთ. დედაქალაქში უმუშევრობას მთავარ ეკონომიკურ პრობლემად 55% ასახელებს, ხოლო ინფლაციას - 42%.

ქართული ოცნების მხარდამჭერებიდან 55% უმუშევრობას ასახელებს ყველაზე დიდ პრობლემად, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერებიდან - 64%. ამასთან, მმართველი გუნდის მხარდამჭერებიდან 20% მიიჩნევს პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე დიდ პრობლემად, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერებიდან - 9%.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები