კორონავირუსი და განათლება

"ჰიბრიდული სწავლება, კლასების დაყოფა" - როგორ აპირებს მთავრობა სკოლების გახსნას

iStockphoto

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა გახსნის ობიექტად პირველ რიგში სავაჭრო სექტორს განიხილავს, ხოლო შემდეგ - განათლებას.  მინისტრმა TV იმედის ეთერში თქვა, რომ შესაძლოა, ეს ორი სექტორი ერთდროულადაც გაიხსნას. მან დაამატა, რომ ეს მიმდინარე პროცესია და არ სურს, მცდარი მოლოდინები შექმნას.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, განიხილავენ სხვადასხვა მოდელს - მათ შორის ჰიბრიდულს ან კლასებად დაყოფას.

"ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში, აქედან გამომდინარე შემდეგი სფერო... ან შეიძლება ერთდროული სფეროც, ვინაიდან ეს არის მიმდინარე პროცესი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ მინდა დავასწრო მოვლენებს და შევქმნა მცდარი მოლოდინები... შემდეგო სფერო არის სწორედ განათლების სფერო.

ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა კომპონენტს, ეს იქნება ჰიბრიდული მოდელი, ან შეიძლება დავყოთ კლასებად, შედარებით რისკიან და ნაკლები რისკის მატარებელ კლასებად, ასევე პრიორიტეტებად, რასაც გადაწყვეტს განათლების სამინისტრო, სადაც არის საჭირო უშუალოდ ბავშვების კლასებში დასწრება და ჩვენ ვიქნებით უკვე ამ მიმართულებით მათთან ერთად ჩართულები, რომ სკოლებმა მოახერხონ მაქსიმალური დაცვა, როგორც ბავშვის, ისე პედაგოგების.

აქედან გამომდინარე, ეს არის ორი სფერო, რომელზეც მიმდინარეობს საუბარი". – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გასული წლის მარტში გადავიდა. ახალ სასწავლო წელს კი სკოლები მხოლოდ დაწყებით კლასებში, რამდენიმე ქალაქში გაიხსნა. 

28 ნოემბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. გამონაკლისი მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკულ ნაწილს შეეხო.

18 იანვარს,  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყო ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელეს.  

დანარჩენ ქალაქებში, მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდა.  განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება "პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ".

კომენტარები