ოცნების დეპუტატი 31000-ლარიან ნაგვის ურნებზე: სმარტ ურნებია, ამოცნობა შეუძლიათ

მაია ბითაძე

ქართული ოცნების დეპუტატმა, მაია ბითაძემ, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟებულ ნაგვის ურნებზე ისაუბრა, რომელშიც თბილისის მერიამ ჯამურად 1.6 მილიონი ლარი გადაიხადა, 1 ურნის ფასი 31 000 ლარს უტოლდება. 

ეს ურნები თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში შეიძინა, მაშინ მაია ბითაძე თბილისის მერის მოადგილის პოსტს იკავებდა. ბითაძის თქმით, ჭავჭავაძეზე დამონტაჟებული ურნები სმარტ ურნებია.

"ეს ურნები, რაც ჭავჭავაძეზე გვაქვს, ე.წ. სმარტ ურნებია, ასე ვთქვათ, მათ აქვთ უნარი, ტექნოლოგიურად ამოიცნონ, ვინ ყრის ნარჩენს, მაგრამ ამისთვის მოსახლეობაც შესაბამისი ტექნოლოგიებით უნდა აღვჭურვოთ". – თქვა მაია ბითაძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება მოსახლეობის შესაბამის ტექნოლოგიურად აღჭურვაში.

მაია ბითაძემ ამ ურნების დადებით ეფექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამგვარი ურნების სისტემა ბევრად უფრო ეკოლოგიურად სუფთა და ამავდროულად ეკონომიურია.

"გრძელვადიან პერსპექტივაში აქ ამონაგები იმდენად დიდია, პირველ რიგში ის, რომ გარემო არ არის დაბინძურებული,  მეორე ის, რომ ერთად გადაყრილი ნარჩენისგან შეგვიძლია ენერგია მივიღოთ, გაზი მივიღოთ, ელექტროენერგია მივიღოთ, ხოლო სეპარირებული ნარჩენისგან ახალი პროდუქტი მივიღოთ. ნარჩენების პოლიგონის მართვის ხარჯი ძალიან დიდია, ავტოტრანსპორტის ხარჯი, რომელიც ყოველდღიურად დადის და აგროვებს ნარჩენებს,  ძალიან დიდია. ეს სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოშია ჩამოყალიბებული, არის ეკონომიური და არის ეკოლოგიურად ძალიან მომგებიანი". – თქვა მან.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია წელიწადზე მეტ ხანს მიმდინარეობდა - პროექტი 2019 წლის მაისში დაიწყო და 2020 ზაფხულში დასრულდა. პროექტი, ჯამში, 15 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

 

კომენტარები