ზამთრის კურორტები

ხოშტარია: ბაკურიანში ხალხს რესურსს უჭრიან, როცა უსარგებლო კარანტინებში მილიონებს იღებენ

ელენე ხოშტარია ბაკურიანში სასტუმროების მეპატრონეების განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს. ხოშტარია წერს, რომ ამით ადამიანებს ბოლო რესურსს უჭრიან იმ ფონზე, როდესაც მმართველი პარტიის შემომწირველები უსარგებლო საკარანტინო ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ.

"ბაკურიანში კოტეჯებიდან და სახლებიდან აგდებენ ადამიანებს, ბოლო რესურსს უჭრიან და ეს იმ ფონზე, როცა ქართული ოცნების შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინო ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ.

მაგალითად, პაატა კოკაიას, რომელსაც აქვს 4 სასტუმრო (შპს "ბაკურიანი ინნ", შპს "რენესანს კონსტრაქშენი", შპს "სასტუმრო გუდაური ინნ", შპს "სასტუმრო ივერია ინ") 3.8 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს. კოკაიამ  სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა. ("ბაკურიანი ინნ"-ს 1 793 092 ლარი აქვს აღებული).

ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ასევე ოცნების შემომწირველია 485.290 ლარს იღებს ტურიზმის ადმინისტრაციიდან. ზურაბ ჩხაიძეს ("კახური ტრადიციული მეღვინეობა") ქართული ოცნებისთვის 300 000 ლარი აქვს შეწირული, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ტურიზმის ადმინისტრაციამ 286.919 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა.

ჯამში, 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, უსარგებლო სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა". – წერს ხოშტარია საკუთარ Facebok გვერდზე.

ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ სტუმრების მიღება აუკრძალეს. მათივე თქმით, ადგილობრივი მთავრობისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ 17 იანვარს, დღის ბოლომდე დაცალონ დაქირავებული ბინები, წინააღმდეგ შემთხვევაში დააჯარიმებენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები მოქმედებს. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები