კრიმინალი

შსს: გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 ადამიანის დაჭრისთვის 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1970 წელს დაბადებული გ.გ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების გამო ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა სამ პირს და მიიმალა. სამივე დაშავებული გადაყვანილია კლინიკაში და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ერთ-ერთ ფერმაში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის იარაღი – დანა.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები