რელიგიის თავისუფლება

ლელო ბუკნარზე: პირდაპირ მიუთითებს ქართული ოცნების მართვის მახინჯ ფორმებზე

Facebook/ Sophie Shamanidi • სოფიო შამანიდი

"ბუკნარში მომხდარი ფაქტი პირდაპირ მიგვითითებს ქართული ოცნების მართვის მახინჯ ფორმებზე და რელიგიის საკითხთა სააგენტოს არსებობის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებს".- ლელო საქართველოსთვის წევრი სოფიო შამანიდი პარტიაში გამართულ ბრიფინგზე, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

მისი თქმით, ქართული ოცნება პრობლემის მიჩქმალვას ცდილობს და მსგავსი შემთხვევები წასულშიც რეაგირების გარეშე დარჩა. 

​"გუშინ განვითარებული მოვლენები არის იმის შედეგი, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა, რომელსაც წარსულში ჰქონდა ადგილი, არ იყო გამოძიებული და, რაც მთავარია, გაანალიზებული. არ იყო გამოძიებული: მოხეს, ჭელის, ნიგვზიანის, სამთა წყაროს ინციდენტები და, რაც მთავარია, არ იყო გაანალიზებული ის პრობლემა, თუ რატომ ხდება ჩვენთან ასეთი ფაქტები.

რატომ არ იყო გამოძიებული? იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას არ სურს მსგავს ინციდენტებზე რეაგირება და ცდილობს პრობლემის მხოლოდ მიჩქმალვას. რატომ არ იყო გაანალიზებული? იმიტომ, რომ ის სტრუქტურა, რომელიც ამას უნდა აკეთებდეს დაკომპლექტებულია სუს-ის თანამშრომლებით, რომლებსაც, ვშიშობ, რომ არ აქვს საერთოდ ანალიზის უნარი და რომელიც უმცირესობებს აღიქვამს ქვეყნის უმცირესობის ჭრილში".- აღნიშნა მან. 

ლელო მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს საკითხი და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მოსახლეობას თავიდან ააცილოს დაპირისპირება. 

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს-მ ძალადობის გამო ერთი ადამიანი დააკავა. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა.   

მომხდარს ევანგელურ-ბაპრისტური ეკლესია გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, "ქვეყანას, სადაც ლოცვისთვის თავს უტეხენ, მომავალი არ აქვს." 

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადების მიხედვით კი მსგავს დაპირისპირებებს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდა გააჩინა და ხელი შეუწყო სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის დაპირისპირების გაღვივებას. NGO-ების განცხადების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს მუსლიმთა ღვთისმსახურებისთვის ხელისშემშლელი ქმედება. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ ბუკნარში მომხდარი დაპირისპირება "ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება", თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი ტოლერანტობაზე საუბრისას ერი ცალკე, მუსლიმები კი "სხვებად" მოიხსენია.

კომენტარები