მეწარმეთა კავშირი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ვალის გადაუხდელობაში ადანაშაულებს

ირაკლი ლექვინაძე
www.facebook.com/businessombudsman

მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარემ, გოგა ციცქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე საქმიანი დავალიანების გადაუხდელობაში დაადანაშაულა. 

ციცქიშვილის თქმით, საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც ირაკლი ლექვინაძე კერძო ბიზნესში იმყოფებოდა და შპს გაყიდვების მართვის კომპანიის 50%-იან წილს ფლობდა. როგორც ცნობილია, აღნიშნული კომპანია პერიოდულად ყიდულობდა თაფლს აჭარელი მეფუტკრეებისგან და შემდეგ პროდუქციის დისტრიბუციას სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში ახორციელებდა. 

მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ ლექვინაძის კომპანიას უკვე წლებია, მეფუტკრეების თანხა 50 000 ლარამდე მართებს და კომპანიას ეს თანხა ამ დრომდე არ დაუფარავს.  "მეფუტკრეები აწვდიდნენ თავიანთ პროდუქციას ამ კომპანიას, მათ შექონდათ ეს პროდუქცია ქსელურ მარკეტებში და შემდეგ ურიცხავდნენ თანხებს. რაღაც პერიოდი ეს თანამშრომლობა პირნათლად მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით თანხების ჩარიცხვა შეწყდა და დავალიანება 50 000 ლარს გაუტოლდა",- თქვა ციცქიშვილმა.

იმავეს ადასტურებს შპს მაჭახელას დირექტორი, რომელიც აწვდიდა პროდუქციას ლექვინაძის კუთვნილ კომპანიას. თამაზ კახიძის თქმით, ისინი ლექვინაძის კომპანიასთან 2012 წლიდან თანამშრომლობდნენ, თუმცა კომპანიის მხრიდან თანხის ბოლო დარიცხვა 2018 წელს მოხდა, რის შემდეგაც დაგროვილი დავალიანება არავის გაუსტუმრებია, "ფერმერებს ვერ ვუხდით თანხას და ჩვენ გავჩერდით პრაქტიკულად",- ამბობს კახიძე. 

ლექვინაძის კომპანიაში აღიარებენ დავალიანების არსებობას, თუმცა ამბობენ, რომ, თავის მხრივ, მათთან აქვთ დავალიანება ქსელურ მარკეტებს და სწორედ ამიტომ ვერ ახერხებენ აღნიშნული ვალდებულების შესრულებას.  სუპერმარკეტების მხრიდან დავალიანების შესახებ ვერსიას უარყოფს ციცქიშვილი, მისი თქმით მან გადაამოწმა ეს ინფორმაცია ქსელური სუპერმარკეტების ასოციაციასთან. დავალიანება კომპანიის მიმართ მხოლოდ 2 300 ლარს შეადგენდა. 

"მე გამოვითხოვე ინფორმაცია სამი ქსელური სუპერმარკეტიდან ეს იყო სპარი, გუდვილი და ნიკორა და აღმოჩნდა, რომ დავალიანება არის მხოლოდ 2 300 ლარი. შესაბამისად, გამოდის, რომ კომპანიაში ჩატოვებული იყო 45 000 ლარზე მეტი, რომელიც კაცმა არ იცის, სად წავიდა",- ამბობს ციცქიშვილი. 

ლექვინაძემ აღნიშნულ კომპანიაში წილი მას შემდეგ დათმო, რაც იგი კონკურენციის ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე დაინიშნა, თუმცა ამით იგი ფინანსური დავალიანების გადახდისგან არ თავისუფლდება. საკითხზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია ლექვინაძეს.

ირაკლი ლექვინაძე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელად 2019 წელს დანიშნეს. 

სსიპ კონკურენციის სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 2,200,000 ლარით ფინანსება, სააგენტოს ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 1.45 მილიონი ლარი, მხოლოდ ხელფასებზე იხარჯება. სააგენტო 2014 წელს შეიქმნა და ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, დაარსებიდან დღემდე მხოლოდ 1 ჯარიმა აქვს გამოწერილი.

2018 წლიდან გაიზარდა სააგენტოს დაფინანსება, მაგრამ თანამშრომელთა რაოდენობა კვლავ იგივე დარჩა, სააგენტოში 43 ადამიანი მუშაობს, თითო თანამშრომელის ხელფასი თვეში დაახლოებით 2,800 ლარი გამოდის.

ირაკლი ლექვინაძის ანაზღაურება ამ თანამდებობაზე ყოველთვიურად 5 000 ლარს აღემატება.

კომენტარები