რელიგიის თავისუფლება

მეუფე იოსები: სამღვდელოება გავუშვი ქრისტიანების დასამშვიდებლად, შედეგი გამოიღო

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. მისი თქმით, ინფრომაციის მიღების შემდეგ, რომ 13 იანვარს ბუკნარში სხვა სოფლებიდანაც აპრებდნენ "სპეციალურად შემზადებული ადამიანები" ჩასვლას, მან გადაწყვიტა, რომ ადგილზე სამღვდელოება გაეშვა ვითარების განსამუხტად.

გთავაზობთ მეუფე იოსების განცხადებას უცვლელად, რომელსაც საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს:

"სამწუხაროდ, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება მუსლიმან თემსა და ქრისტიან მოსახლეობას შორის, რის შესახებაც ჩვენ, სამღვდელოებამ, გავიგეთ 12 იანვარს, 21:00 საათზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო. ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარიდან - ზოტიდან და სხვა სოფლებიდან - 13 იანვარს აპირებდნენ ჩამოსვლას სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანები, ამიტომ პირადად მე მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, სამღვდელოება გამეშვა სოფელ ბუკნარში ვითარების განსამუხტად.

რადგანაც უკვე კომენდატის საათი იყო, ბატონ ზურაბ ნასარაიას, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს, დავურეკე და ვთხოვე, სასულიერო პირებისთვის გადაადგილების საშუალება მოეცა. თანხმობის მიღების შემდეგ სამღვდელოება ღამის 11 საათზე ჩავიდა ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში.

საუბარმა, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო: მეორე დღეს მოხდა შერიგება გურულებსა და აჭარლებს შორის.ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის და მივესალმებით იმ შერიგების პროცესს, რაც იქნა მიღწეული ჩვენი თუ სხვა კეთილი ადამიანების რუდუნებით.

ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყოველი ქართველი, მათ შორის, გურულები და აჭარლები. გურია და აჭარა საუკუნეების განმავლობაში ერთი კუთხე იყო საქართველოსთვის, ერთობა, ძმობა და სიყვარული ღვთის მადლით მომავალშიც გამტკიცდება ამინ". – წერია განცხადებაში.

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს-მ ძალადობის გამო ერთი ადამიანი დააკავა. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა.   

მომხდარს ევანგელურ-ბაპრისტური ეკლესია გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, "ქვეყანას, სადაც ლოცვისთვის თავს უტეხენ, მომავალი არ აქვს." 

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადების მიხედვით კი მსგავს დაპირისპირებებს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდა გააჩინა და ხელი შეუწყო სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის დაპირისპირების გაღვივებას. NGO-ების განცხადების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს მუსლიმთა ღვთისმსახურებისთვის ხელისშემშლელი ქმედება. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ ბუკნარში მომხდარი დაპირისპირება "ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება", თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი ტოლერანტობაზე საუბრისას ერი ცალკე, მუსლიმები კი "სხვებად" მოიხსენია.

კომენტარები