კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: თებერვლიდან ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნას ვგეგმავთ

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა ჯერ კიდევ აკვირდება ეპიდემიურ ვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებებს ეკონომიკის გახსნასთან და დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. 

ტიკარაძის თქმით, მთავრობა აკვირდებოდა საახალწლო პერიოდში ეკონომიკის გახსნის პროცესს, რაც საბოლოოდ წარმატებული იყო და სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე მიიღებს მთავრობა შემდგომ გადაწყვეტილებებს.

როგორც მოსალოდნელია, სავაჭრო ცენტრები და  ბაზრობები საქმიანობას პირველი თებერვლიდან აღადგენენ. "ჩვენ დავხვეწეთ ეს მიდგომები, გვაქვს მათთან კომუნიკაცია, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაცული გავხადოთ სავაჭრო ქსელი. ბიზნესთან შეხვედრები გაგრძელდება და პირველი თებერვლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ქსელები და მოლები, ამის შემდეგ ჩვენ გვექნება საუბრები დანარჩენ ბიზნესთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული". – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია როდიდან ამუშავებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. "გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი ან რომელიმე სხვა სფერო, ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ და ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ რომელიმე ბიზნესში და რომელი იქნება უფრო ეფექტური."

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე განმარტა, რომ პირველი თებერვლიდან არ გაიხსნება ეკონომიკის სხვა სექტორები, რომლებიც ამ დრომდე შეჩერებულები არიან. შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ უკვე მეორედ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების თავდაპირველი გეგმით, საზოგადოებრივ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტსა და საცალო ვაჭრობის სექტორს მუშაობა 16 იანვრიდან უნდა განეახლებინა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა შეზღუდვების გახანგრძლივებას გეგმავს. 

ამ დრომდე უცნობია, როდის განაახლებს მუშაობს საკვები ობიექტები, სასტუმროები, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

 

კომენტარები