აშშ

დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

დონალდ ტრამპი
USnews.com

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დედაქალაქში ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ფედერალური ძალების მობილიზების ბრძანება გასცა.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 11 იანვრიდან 24 იანვრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში საგანგებო მდგომარეობის მართვის ფედერალური სააგენტო პასუხისმგებელი იქნება საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის მართვასა და მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტის შემსუბუქებაზე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ვაშინგტონში დროებით ამოქმედდა 6-7 იანვრის ღამეს, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. ამის შემდეგ ვაშინგტონის მერმა, მიურელ ბოუზერმა, აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტს დედაქალაქში ინაუგურაციამდე უსაფრთხების დამატებითი ზომების მიღების თხოვნით მიმართა. 

აშშ-ს დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ეროვნულმა გვარდიამ ვაშინგტონში 15 000-მდე სამართალდამცველის მობილიზების უფლება მიიღო.

11 იანვარს ვაშინგტონის და ორი მეზობელი შტატის, მერილენდისა და ვირჯინიის, გუბერნატორებმა აშშ-ს მოსახლეობას მოუწოდეს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დედაქალაქში არ ჩასულიყვნენ. პოლიტიკოსების მოწოდება დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიასთან და 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრასთან. ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად 24 იანვრამდე დაიხურა ვაშინგტონის მონუმენტიც.

ვაშინგტონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურომ არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაციამდე დედაქალაქსა და ქვეყნის მასშტაბით შესაძლო შეიარაღებული პროტესტების შესახებ გაფრთხილება გასცა. გაფრთხილება ძალაში, სულ მცირე, ინაუგურაციის დღემდე იქნება.

კომენტარები