კორონავირუსი საქართველოში

შსს: ბათუმში COVID-19-ით ინფიცირებული დავაჯარიმეთ, ის მანქანით გადაადგილდებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში  კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე - 1975 წელს დაბადებული ტ.ტ. დააჯარიმეს. უწყების ცნობით, მან იზოლაციისა და კარანტინის წესი დაარღვია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეს COVID-19 4 იანვარს დაუდასტურდა, მიუხედავად ამისა, ტ.ტ.-მ იზოლაცია დატოვა. შსს-ს ცნობით, ის ბათუმში ერთ-ერთ ქუჩაზე მანქანით გადაადგილდებოდა.

"პოლიციამ კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000 ლარით. დაჯარიმების შემდეგ, იგი ბათუმში, კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს". – წერია შსს-ს განცხადებაში. 

ცნობისთვის, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო ფიზიკური პირი 2 000 ლარით ჯარიმდება, იურიდიული კი - 10 000. განმეორების შემთხვევაში დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
 

კომენტარები