დონალდ ტრამპის დაბლოკვა სოციალური ქსელების მიერ

მერკელმა სოციალური ქსელების მიერ დონალდ ტრამპის დაბლოკვა პრობლემურად მიიჩნია

ანგელა მერკელი
DW

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის დაბლოკვასთან დაკავშირებით პრობლემურია. 

ანგელა მერკელის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის თქმით, სოციალური ქსელების ადმინისტრაცია პასუხისმგებელია,  რომ პოლიტიკური დისკუსია არ მოიწამლოს სიძულვილით, ტყუილით და ძალადობრივი მოწოდებებით და აუცილებელია სპეციალური ნიშნების განთავსება, როგორც ეს ბოლო თვეების განმავლობაში ხდებოდა. 

ამავდროულად, ზაიბერტის თქმით, აზრის გამოთქმისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომლის შეზღუდვაც მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოებს შეუძლიათ, ეს არ უნდა ხდებოდეს კერძო კომპანიების ბრძანებით.

"სწორედ ამიტომ კანცლერი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის პირადი ანგარიშის დაბლოკვა Twitter-ის მიერ პრობლემურია". – განაცხადა ზაიბერტმა.

დონალდ ტრამპის პირადი ანგარიში სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 8 იანვარს დაბლოკა. კომპანიამ გადაწყვეტილება ტრამპის მიერ ქსელის წესების განმეორებითი დარღვევით ახსნა. საუბარია აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ტვიტებზე, რომლებიც კაპიტოლიუმის შენობაზე მისი მომხრეების მიერ ორგანიზებულ თავდასხმას ეხებოდა. 

Twitter-ისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპის ანგარიში დროებით დაბლოკა Facebook და Twich-მა.

კომენტარები